logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: პირველ რიგში, ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ
- +

8 ოქტომბერი. 2021. 18:04

 

„არ მინდა, წინასწარ, ვერსიებზე ვილაპარაკო. გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებთან, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადგილზე მომუშავე მაშველები ყველაფერს აკეთებენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დასახმარებლად.

 

„ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში 10-დან 15 ადამიანამდეა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია დროულად დარეგულირდეს. დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მათ ყველა საშუალება აქვთ, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო. არსებობს ბევრი ვერსია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ დროისთვის, არიან დაშავებულები, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. ​კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.

 

 

 

big_banner
არქივი