logo_geo
ბათუმში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
- +

9 ოქტომბერი. 2021. 13:07

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 გარდაცვლილი ადამიანი. რაც შეეხება ნანგრევებიდან ამოყვანილ დაშავებულ ორ მოქალაქეს, ერთი მათგანი, კლინიკაში გარდაიცვალა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე რჩება. ვახტანგ გომელაურმა სამაშველო-საძიებო ღონისძიების, ასევე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

„მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავეთ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მაშველებს. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყვნენ, ასევე ტექნიკის ოპერატორებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულან.

 

სამწუხაროდ, 5 ადამიანია ნანახი, 5-ვე გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში. ვეძებთ კიდევ სამ ადამიანს, წესით, მეტი არ უნდა იყოს, რა ოპერატიული ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს.

 

რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემას, პასუხისგებაში მივეცით 3 ადამიანი, ბინის მეპატრონე და ორი ადამიანი, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდნენ. სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობით იყო ჩამონგრევა, თუ სხვა რამემ გამოიწვია.

 

თითოეულ აგურზე სიფრთხილით მუშაობენ, ხედავთ, მაშველები, რომ თუ ადამიანი ცოცხალია, ჩვენ არ დავაზიანოთ, ხელით მუშაობენ. ამ სამ ადამიანს რომ ვიპოვით, შეიძლება უფრო გახშირდეს მუშაობის რიტმი. შევა ტექნიკა და ადვილი იქნება გაწმენდითი სამუშაოები.

 

გამოძიება მიდის ყველა მიმართულებით, თუ გამოვლინდა სხვა პირთა დანაშაული, რა თქმა უნდა მიეცემიან პასუხისგებაში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

big_banner
არქივი