logo_geo
პომპეის საგანძური თბილისში გამოიფინება
- +

11 ოქტომბერი. 2021. 17:46

 

 

ეროვნული მუზეუმის გუნდი, იტალიელ კოლეგებთან ერთად, ვანის შემდეგ, გამოფენას თბილისში ამზადებს.

 

13 ოქტომბრიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენაზე „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ წარდგენილი იქნება მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.

 

არქეოლოგიური მასალა ძველი რომის დიდებული ქალაქის – ახ.წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული პომპეის მდიდრულ ცხოვრებასა და მის ტრაგიკულ დასასრულს ასახავს.

 

გამოფენაზე წარდგენილი იქნება კედლის მხატვრობის ნიმუშები, სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშები. მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ. წ. I საუკუნეში. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები.

 

პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ, ნათელ წარმოდგენას ქმნის რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.

 

პომპეის არქეოლოგიური აღმოჩენები საქართველოში პირველად ვანის განახლებულ მუზეუმში იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, ანტიკური სამყაროს ისტორიას გასცნობოდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი ექსპონატების მაგალითზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი