logo_geo
თბილისის ობსერვატორიის ისტორია და მისი ერთ-ერთი თანამშრომელი იოსებ ჯუღაშვილი
- +

12 ოქტომბერი. 2021. 12:58

 

ალბათ, ბევრმა არ იცის,  რომ აბასთუმნის ობსერვატორიის გარდა, საქართველოში კიდევ არაერთი, მათ შორის, თბილისის ობსერვატორიაც არსებობდა, თუმცა  აღმაშენებლის N150-ში მდებარე შენობას დიდი ხანია თავისი პირვანდელი დანიშნულება დაკარგული აქვს.

 

პირველი ობსერვატორია თბილისში ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში დაუარსებიათ. არაბი გეოგრაფის, ალ-სტახრის ცნობით, ობსერვატორია 930 წელს ნარიყალაზე აუგიათ. ობსერვატორიის პროექტის შესადგენად და მომავალი სამუშაოების დასაგეგმად ცნობილი ექიმი, ფილოსოფოსი და ასტრონომი ფახრ ალ-დინ ხლათელი მოუწვევიათ. 1837 წელს აქ, ნარიყალაზე მოეწყო პირველი მაგნიტურ – რეზონანსული ობსერვატორიაც, რომელიც გარკვეულ გარემოებათა გამო, მოგვიანებით, მიხაილოვის ქუჩაზე (აღმაშენებელის N150) გადაიტანეს.

 

თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის გეგმა ცნობილ ასტრონომ–მეტეოროლოგს, მაგნიტოლოგ არნოლდ მორიცს შეუდგენია, რომელიც მოგვიანებით დაინიშნა კიდეც მის დირექტორად. თბილისის ობსერვატორია, ფაქტობრივად, ერთი ერთში იმეორებდა  რუსეთის იმპერიის მთავარი ობსერვატორიის არქიტექტურას, რომელიც პუკოვოში მდებარეობდა. საბოლოო ჯამში, თბილისის გეოფიზიკურმა ობსერვატორიამ ფუნქციონირება 1861 წელს 1 მაისს დაიწყო. მისი მეშვეობით,  მთელი ამიერკავკასიის, ასევე, კასპიისა და აზოვის ზღვის აკვატორიაში მიმდინარე გეო-მაგნიტური პროცესების შესწავლა ხორციელდებოდა.

 

 

თავდაპირველად ობსერვატორიაში ასტრონომიული კვლევების ჩატარებაც იგეგმებოდა. ამ მიზნით,  ტელესკოპის კოშკიც აიგო და თბილისში კავკასიის სამხედრო–ტოპოგრაფიული განყოფილების ასტრონომიც ჩამოვიდა. თუმცა, 1879 წელის  შემდეგ, ასტრონომიული კვლევები ტფილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში აღარ ჩატარებულა.

 

საგულისხმოა ის გარემოება, რომ 1899-1900 წლებში თბილისის გეომაგნიტურ ობსერვატორიაში „ხალხთა დიდი ბელადი“, სტალინი მუშაობდა. როგორც ამბობენ, 21 წლის იოსებ ჯუღაშვილს ობსერვატორიაში სხვა თანამშრომლების ერთგვარი კონტროლიორის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. 1968 წლიდან შენობის დასავლეთ ნაწილში ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი ფუნქციონირებდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი