logo_geo
ამირან გამყრელიძე: ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10%-ს ასცდა
- +

12 ოქტომბერი. 2021. 15:35

 

„ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ასცდა, 1,43-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა - მაინც მაღალი.

 

„დღეს 37 გარდაცვლილია. ჩვენთვის დაწესებულ შიდა ზღურბლით, დაახლოებით, არის 9 გარდაცვლილი მილიონ მოსახლეზე, ანუ, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 29 გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, არავითარი დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. დაახლოებით, 18 სექტემბრიდან, თანდათანობით, და განსაკუთრებით ოქტომბერში, მცირდება ყოველდღიურ აცრათა მაჩვენებელი. თუ აცრის მაჩვენებლის გაზრდას ვერ მოვახერხებთ, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 640 358 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 603 995, გარდაიცვალა 9 306 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

big_banner
არქივი