logo_geo
პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პირველი პრემია მხატვარ მამუკა ცეცხლაძეს გადაეცა
- +

17 ოქტომბერი. 2021. 01:51

 

დღეს, ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, „ალტერნატიულ კულტურულ სივრცეში N12“ პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.

 

კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს დაარსებული პრემია გადაეცა მხატვარ მამუკა ცეცხლაძეს – პირველ ქართველ ხელოვანს, რომელმაც საქართველოში 1988 წელს შეასრულა მხატვრული პერფორმანსი. მხატვარს პრემია ზურაბ რთველიაშვილის მეუღლემ, ნინო ამირეჯიბმა გადასცა.

 

ღონისძიების ფარგლებში, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების კედლებზე, „ალტერნატიულ კულტურულ სივრცეში N12“ ზურაბ რთველიაშვილის საუკეთესო პერფორმანსების ინსტალაცია იყო ნაჩვენები, ასევე დაიდგა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი „მარგო კორაბლიოვას თეატრის“ პერფორმანსი, ხოლო ღონისძიების დასასრულს, „ახმეტელის თეატრის“ მსახიობებმა ზურაბ რთველიაშვილის პიესა „ქვემოდან ზემოთ“ წაიკითხეს.

 

ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მან ხაზი გაუსვა სახელოვნებო სფეროსთვის მსგავსი ღონისძიებებისა და ქართული პერფორმანსის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, მსგავსი პროექტები იქნება წამახალისებელი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და წინა თაობის ხელოვანებისთვის, რათა ქართული მხატვრული პერფორმანსის მიმართულებით ახალი პროექტები შეიქმნას.

 

„როგორც დავპირდით ჩვენს ხელოვანებს, ვასრულებთ პირობას. დღეს გვიპყრობს სევდა, რადგანაც პირველი დაბადების დღეა, რომელსაც პოეტის, თანამედროვეობის პერფორმერის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ზურაბ რთველიაშვილის გარეშე ვხვდებით. ის სახელმწიფო პრიზი/პრემია, რომელიც დავაფუძნეთ წელს ზურაბ რთველიაშვილის სახელზე, გადაეცა „ალტერნატიულ სივრცე N12-ში“ მხატვარ მამუკა ცეცხლაძეს, რომელსაც ვულოცავ. ძალიან მიხარია, რომ ის არის პირველი, ვინც ეს პრემია მიიღო და ყოველ წელს, 16 ოქტომბერს ამ პრემიას კვლავ გავცემთ. პანდემია მალე დასრულება, იმედი გვაქვს და მომავალ წლებში ამ პრემიას წინ უნდა უძღოდეს ზურაბ რთველიაშვილის სახელობის ფესტივალი პერფორმანსში. აქ არ იგულისხმება მხოლოდ პოეზია, აქ იგულისხმება ხელოვნების ყველა მიმართულება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი