logo_geo
სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
- +

19 ოქტომბერი. 2021. 20:10

 

 

სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა  გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებულ შეხვედრას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი თანათავმჯდომარეობდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.

შეხვედრის მონაწილეებს თანათავმჯდომარეებთან ერთად მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დარგის მნიშვნელობას და მისი განვითარების კომპლექსურ ფაქტორებს, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის ფონზე.

შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა თავიანთ სფეროებში გაწეული სამუშაოები და მიღწევები მიმოიხილეს, ვრცლად ისაუბრეს სექტორულ პრიორიტეტებსა და მათი მიღწევის გზაზე არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი სფეროები, როგორებიცაა განათლების და მეცნიერების რეფორმა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა, დიასპორის ჩართულობა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ახალგაზრდული პოლიტიკა, კულტურის და სპორტის პოლიტიკა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, ენერგოეფექტურობა, საჯარო მოხელეების და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება და სხვა.

განვითარების პარტნიორებმა განხილული საკითხების შესახებ თავიანთი ხედვა წარადგინეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

 

სოციალური კეთილდღეობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, ეკონომიკური ზრდის, ადამიანური რესურსების განვითარების, დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის და სამართლის საკითხებზე თემატური შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელიწადში ერთხელ იმართება და მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე განვითარების პარტნიორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის სტრატეგიული დიალოგის წარმოებას ისახავს მიზნად.

 

 

big_banner
არქივი