logo_geo
სამხედრო პოლიციის ოცეულმა NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში სერტიფიცირება მოიპოვა
- +

23 ოქტომბერი. 2021. 11:02

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში წვრთნები წარმატებით დაასრულა და NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირება მოიპოვა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

 

NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ეგიდით სწავლება პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სერტიფიცირება ქართული ოცეულის პირად შემადგენლობას NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისა და მომავალში NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრულფასოვანი წევრობის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით გამართული წვრთნების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ჟანდარმერიამ დონაციის სახით სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ეკიპირებაც გადმოსცა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმება ერთი წლის წინ გაფორმდა. სამხედრო პოლიციისათვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული. პარტნიორობის შეთანხმება ხელს უწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც NATO-სთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

 

2022 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია საქართველოს მხრიდან NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) განაცხადის გაკეთება. NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონი პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამხედრო პოლიციელებით არის წარმოდგენილი.

 

 

big_banner
არქივი