logo_geo
მიხეილ იაშვილი: მომავალ წელს სამეულისთვის, თასისთვის და ევროსაგზურისთვის ვიბრძოლებთ
- +

24 ოქტომბერი. 2021. 00:38

 

 

19-წლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა წყალტუბოს ,,სამგურალმა” მიმდინარე ჩემპიონატში არაერთი სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზა, მე–6 ადგილზეა და ბრძოლას საქართველოს თასისთვისაც აგრძელებს, რაც მთავარია – ეროვნულ ლიგაში საინტერესო და მებრძოლი გუნდი გამოჩნდა, რომელმაც ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიაც დაიმსახურა.

 

კლუბის პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი, რომელიც „სამგურალის“ ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი, ამბობს, რომ წლეულს მთავარ აქცენტს საქართველოს თასის მოპოვებაზე აკეთებენ.

 

„ახლა პლეი–აუტის ზონას 9 ქულით ვართ დაშორებული. ჩემპიონატში უფრო მაღალი ადგილის დაკავებას ვეცდებით, მაგრამ ამ ეტაპზე მთელი აქცენტი თასზე გვაქვს გადატანილი. 28 ოქტომბერს გორის „გორთან“ მეოთხედფინალური მატჩი გვაქვს და გუნდი ამ მატჩისთვის სერიოზულად ემზადება. ჩვენ ძირითად აქცენტს თასზე ვაკეთებთ. მოგეხსენებათ გასულ წელს ფინალში ვითამაშეთ და „გაგრასთან” პენალტების სერიაში დავმარცხდით. წლეულსაც ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა და თასისთვის ბრძოლაა“, – ამბობს მიხეილ იაშვილი,

 

„სამგურალის“ პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ „სამგურალი“ ქვეყნის ჩემპიონისთვის, „დინამო თბილისისთვის“ უხერხული მეტოქე გამოდგა და ოთხიდ შეხვედრიდან ერთხელაც ვერ დაამარცხა:

 

„სეზონის დაწყებამდე გუნდის მიზანი ხუთეულში მოხვედრა იყო. ჩვენთვის მთავარი იყო სტაბილურობა და ბრძოლისუნარიანი გუნდი შეგვენარჩუნებინა. ვფიქრობთ, ეს შევძელით და ყველა გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ვიქეცით. საკმაოდ კარგად დავგეგმეთ მატჩები თბილისის „დინამოსთან“ და ოთხივე შეხვედრა წარმატებით ვითამაშეთ. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯებია დიდ ფეხბურთში და სამომავლოდ, მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლებით, რომ „დინამოსთვის“ უხერხული მეტოქე ვიყოთ“.

 

იაშვილი აანონსებს, რომ ახალი სეზონიდან გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძოლებს:

 

„თუ ობიექტურად შევხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს, საკმაოდ მებრძოლი და კარგი გუნდი გვყავს, რომელიც ჩემპიონატში საკმაოდ კარგად თამაშობს. რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში კოვიდპანდემიისა და ტრავმების გამო წამყვანი ფეხბურთელების მთელი ბირთვი რომ არ გამოგვკლებოდა, ახლა შესაძლოა, ცხრილში უფრო მაღალ ადგილზეც ვყოფილიყავით. მაგალითად, გორის „დილასთან“ საშინაო შეხვედრა 1:3 რომ წავაგეთ, 9 ფეხბურთელი გვაკლდა და ასაკობრივი გუნდების მოთამაშეები დავიმატეთ. მომავალ წელს გაცილებით ამბიციური გეგმები გვექნება და მიზანი სამეულისთვის, საქართველოს თასისთვის და ევროსაგზურისთვის ბრძოლა იქნებ“.

 

 

right_banner big_banner
არქივი