logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ თიანეთში ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ლევან წიკლაურს
- +

24 ოქტომბერი. 2021. 15:04

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  თიანეთის მერობის კანდიდატ თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს გზა დაუთმოს.

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება მათ კანდიდატ ლევან წიკლაურს.

 

პრემიერის განმარტებით, დარწმუნებულია, თიანეთის მოსახლეობა ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

„თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური ადამიანი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, ბატონი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს. ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს. მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს, „ნაციონალების“ წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. მე ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

 

თიანეთი კარგი მაგალითია, რადგან მოგეხსენებათ, 4 წლის წინ დამსახურებულად გაიმარჯვა თამაზ მეჭიაურმა, ის 4 წელი იყო თითქმის არასტაბილურობის 4 წელი, არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა საკრებულოსთან, მით უმეტეს, მუშაობაში იყო ბევრი სირთულე, საბოლოო ჯამში ეს აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, თიანეთის მოსახლეობაზე. ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის კერა, მიზეზი მუდმივი საბოტაჟის. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ორი დღის წინ გავაკეთე კომენტარი, ეს არის კლასიკური მაგალითი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი