logo_geo
კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი
- +

26 ოქტომბერი. 2021. 20:57

 

 

 

თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი, ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები იყო საფრთხის ქვეშ, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს სივრცე შენარჩუნებულიყო.

 

კახა კალაძემ გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ამ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

 

კახა კალაძის თქმით, ბევრი მათგანი დღეს შეიძლება, სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენს, მაგრამ მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„წინა ხელისუფლების დროს ეს მოედანი, ეს შენობა-ნაგებობები იყო საფრთხის ქვეშ, მაგრამ, საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს ყველაფერი შენარჩუნებულიყო. მე ყოველთვის მადლიერებას გამოვხატავ ამ ადამიანების მიმართ. შეიძლება, ბევრი მათგანი დღეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების იყოს, სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც შენ ამას ხედავ, აუცილებლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე უნდა აღნიშნო ეს ყველაფერი. მე მადლობას ვუხდი მათ და მადლიერებას გამოვხატავ.

 

ეს ადამიანები გახლავთ: ალეკო ელისაშვილი, მინდა, მადლობა გადავუხადო მას, რადგან იბრძოლა, რომ ეს სივრცე შენარჩუნებულიყო; ცირა ელისაშვილი, თამარა ამაშუკელი, ნინო კორძახია, ანა მარგველაშვილი, თიკო სულაძე, სანდრო სარალიძე, მაგდა ცოცხალაშვილი, გოგა ქართველიშვილი, თეა გალდავა, სალომე ჯაში, ზაზა ბურჭულაძე. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ყველას ძალიან დიდი მადლობა.

 

მინდა, ასევე, გავიხსენო ზურაბ ოსმანოვი, რომელიც ამ ძეგლებზე მუშაობდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თითოეულ ორნამენტს, რომ ავთენტურობა ყოფილიყო შენარჩუნებული, სამწუხაროდ, კოვიდმა იმსხვერპლა. მინდა, მადლობა გადავუხადო მის ოჯახს და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ახლობლებს, ყველას, ვისაც გული დაწყვიტა მისმა გარდაცვალებამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ვერანაირი ქაოსი, ვერანაირი დაპირისპირება, სიძულვილი, ბოროტება ვერ აღუდგება წინ ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას.

 

„ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ მაძლევთ ძალას, ვემსახურო ამ ქალაქს, ვემსახურო თბილისს. ჩვენ მთელი ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით მომავალზე, ვაგრძელებთ საუბარს, თუ როგორ წარმომიდგენია ამ ქალაქის განვითარება, ამ ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. ვერანაირი ქაოსი, ვერანაირი დაპირისპირება, ვერანაირი სიძულვილი, ვერანაირი ბოროტება ვერ აღუდგება წინ ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას. ჩვენ რა უნდა დავუპირისპიროთ  სიძულვილს, იმ ცილისწამებას, ბოროტებას, რომელიც მოდის კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან – მხოლოდ და მხოლოდ დავუპირისპირებთ ამ ქალაქის აღმშენებლობას, საქმეს, კონკრეტულ პროქტებს. პირობას ვაძლევ ყველას, რომ მე ვიქნები ყველას მერი. ვიქნები მათი მერიც, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს, რადგან ეს სჭირდება ჩემს ქვეყანას და ქალაქს.

 

დღეიდან გვაქვს შესაძლებლობა, ვისიამოვნოთ ამ ულამაზესი მოედნით, თუმცა ჩენი სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ვაგრძელებთ მიმდებარე ქუჩების განახლებას, უამრავი სახლია სარეაბილიტაციო და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი