logo_geo
კახა კალაძე: ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა!
- +

27 ოქტომბერი. 2021. 18:28

 

 

„ალბათ, არავინ მიწყენთ, თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ. სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ", - ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი გამოსვლა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.

 

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის და „გამარჯვების საბოლოოდ მისაყვანად“ მოუწოდა მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ.

 

„თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რისი მოცემაც შეეძლო - ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრები და შესაძლებლობა, მეზრუნა თბილისზე და თბილისელებზე.

 

ამიტომ, მეც არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა ამ სიკეთეზე სიკეთითვე მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა.

 

და მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი, ალბათ, დედამიწაზე არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს.

 

ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ასე მწამს, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ მომავალში, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლის.

 

მე დღეს ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო თბილისზე, იმაზე, რისი გაკეთება შევძელი ჩემს გუნდთან ერთად, იმაზეც, რისი გაკეთებაც ჯერ ვერ მოვასწარით, მაგრამ რასაც აუცილებლად გავაკეთებთ და მივიყვანთ ბოლომდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი