logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: აფხაზური ენის დღე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დამღუპველ რეალობაზე, რომელიც ჩამოყალიბდა აფხაზეთში რუსული ოკუპაციის შედეგად
- +

27 ოქტომბერი. 2021. 22:53

 

 

„აფხაზური ენის დღე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმ დამღუპველ რეალობაზე, რომელიც ჩამოყალიბდა აფხაზეთში რუსული ოკუპაციის შედეგად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები. ამასთან, აღნიშნა, რომ არსებული რეალობა გვიბიძგებს აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარებისთვის ინოვაციური გზების ძიებისკენ.

 

„დღეს აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები!

 

ოფიციალურად, ანტიქართულმა და შინაარსით ანტიაფხაზურმა პოლიტიკამ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა, რასაც აღიარებს იუნესკო და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება.

 

დღეს აფხაზეთში ანტიქართული პოლიტიკა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გალში ქართული ენის სწავლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით ხორციელდება.

 

აფხაზური ენის დასაცავად ყოველი დაგვიანებული და არგადადგმული ნაბიჯი აზარალებს მის სიცოცხლისუნარიანობას.

 

არსებული რეალობა გვიბიძგებს აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარებისთვის ინოვაციური გზების ძიებისკენ. ჩვენი ენების დაცვა არის ის ფუნდამენტური მნიშვნელობის მიზანი, რომლის ირგვლივ შესაძლებელი უნდა გახდეს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებული ინტელექტუალური რესურსის გაერთიანება.

 

ღრმად მწამს, უახლოეს წლებში ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ტრაგიკული სურათის ცვლილებას და საკუთარი ენების გადარჩენით გადავარჩენთ ჩვენი შვილების საერთო მომავალს და ჩვენს ადგილს მსოფლიო კულტურულ რუკაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი