logo_geo
შუახევში, ჯვარიმინდორის იალაღებზე საპიკნიკე ზონა მოეწყო
- +

2 ნოემბერი. 2021. 21:10

 

შუახევში, ჯვარიმინდორის იალაღებზე საპიკნიკე ზონის მოწყობა დასრულდა. ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარე საპიკნიკე სივრცეში მოგზაურებისთვის ფანჩატური, საქანელები, საცეცხლური, ფოტოსტენდი და ჰამაკებია განთავსებული. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონა აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც მოლაშქრეებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. ჯვარიმინდორის იალაღებზე საპიკნიკე ზონის ირგვლივ ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა მიმდინარეობს. საკემპინგე სივრცეებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეების, ხის მაგიდა-სკამების, კედელზე მიმაგრებული კარადები, ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება.

 

დეპარტამენტის ინფორმაციით, ღია სივრცეში კი, საშხაპეები და საპირფარეშოები ეწყობა. ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრები ეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ.

 

ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი