logo_geo
პენიტენციური სამსახური: სიცრუეა, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
- +

7 ნოემბერი. 2021. 21:20

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ.

 

„განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

 

ინფორმაციისთვის: 5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

 

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია.

 

მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი