logo_geo
პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს
- +

8 ნოემბერი. 2021. 12:28

 

 

პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები პარტია „მოქალაქეების“ლიდერები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი არიან.

 

ცვლილებების მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

 

ამასთან, პროექტით, პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვების განმეორებით შემთხვევაში, მეპატრონე ფიზიკური პირი 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

 

„მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მეპატრონეების მიერ ცხოველების მიტოვებაა. ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს.

 

კანონპროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში განისაზღვროს პრევენციული მექანიზმი, რომელიც შინაური ცხოველის მეპატრონეს შეაფერხებს ცხოველის ქუჩაში მიტოვებისგან“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

 

 

big_banner
არქივი