logo_geo
ნათია თურნავამ საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF International-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო
- +

16 ნოემბერი. 2021. 19:41

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა.

 

ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს სწავლობენ. დელეგაციაში შემავალი კომპანიები ტურიზმის, IT, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში საქმიანობენ.

 

ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში არსებული პოზიტიური ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლების კითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, სამინისტროში შემავალი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა უპასუხეს.

 

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ტრადიციულად, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზარია ფრანგული კომპანიებისთვის. მისივე თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ დღესდღეობით საქართველოში 350-ზე მეტი ფრანგული კაპიტალით შექმნილი კომპანია ოპერირებს, ხოლო საფრანგეთი ევროპულ ქვეყნებს შორის ნომერ მეშვიდე ინვესტორს წარმოადგენს.

 

„ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პოზიტიური განვითარებაა, მაგრამ გაცილებით მეტი პერსპექტივა არსებობს და ამაზე მეტყველებს ის მაღალი ინტერესი და საქართველოში მყოფი ფრანგული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში მყოფი 20-ზე მეტი კომპანია ჩამოსულია იმისთვის, რომ ახალი შესაძლებლობები შეისწავლონ. მათ გავაცანით ახალი საინვესტიციო პროექტები, განსაკუთრებით აინტერესებთ პროექტები დიჯიტალიზაციის, ახალი ტექნოლოგიების, სტარტაპების, ასევე ტურიზმის განვითარების, ენერგეტიკის სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ საკმაოდ ბევრი საინტერესო ახალი ინიციატივა შედგება ფრანგულ ბიზნესსა და საქართველოს ბიზნესს შორის კოოპერაციის გზით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მხარეებს შორის ურთიერთობის მიზანია, MEDEF-ისა და მისი წევრების მეშვეობით მიღწეულ იქნას ხელშესახები შედეგები ქვეყნებს შორის საქმიან ურთიერთობებში, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების მიმართულებით.

 

 

big_banner
არქივი