logo_geo
საერთაშორისო სწავლება Maple Arch 2021 დასრულდა
- +

26 ნოემბერი. 2021. 18:10

 

საქართველომ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2021 წელს პირველად უმასპინძლა. საერთაშორისო სწავლების წარმატებით დასრულება მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

 

სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება NATO-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდაში, მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან მადლობა გადაუხადა სწავლების ყველა ორგანიზატორს, განსაკუთრებით - კანადის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მენტორობითაც ჩატარდა აღნიშნული სწავლება.

 

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ორკვირიანი სწავლების დასკვნით ნაწილს კანადელი და სხვა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. მათ წვრთნების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს და სწავლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მონაწილეებისგან მიიღეს.

 

სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა იყო.

 

საერთაშორისო სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით მიმდინარეობდა და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობდა. MAPLE ARCH 21-ში, კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად, ქართველი ინსტრუქტორებიც იყვნენ ჩართულები. სწავლებაში კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.

 

 

big_banner
არქივი