logo_geo
რატომ უნდა იყოს თბილისში ვასილ მჟავანაძის სახელობის ქუჩა, ბუშის კი - არა?
- +

7 მაისი. 2017. 15:37


 

როგორ გადაარჩინა ვასილ მჟავანაძემ თუშეთის მოსახლეობა გასახლებას, ხოლო ხახულის კარედი - გაყიდვას.


ყველა ქვეყანაში ქუჩებს, მოედნებს, სკვერებსა და ა.შ. იმ ადამიანების სახელებს არქმევენ, რომლებსაც მნიშვნელოვანი რამ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, თბილისში კი არის ქუჩები, რომელთა სახელწოდებაც ქართველებს არაფერს ეუბნება. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რა გაუკეთა საქართველოს და ვინ იყო იბრაჰიმ ისპაჰანლი, რომლის სახელიც დაარქვეს ვახტანგ გორგასლის მეოთხე შესახვევს. გაუგებარია, რატომ დაარქვეს სტალინის სახელობის სანაპიროს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის - ჰეიდარ ალიევის სახელი; რა დამსახურებისთვის დგას აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის - რონალდ რეიგანის ძეგლი თბილისში და რატომ ჰქვია დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას აშშ-ის კიდევ ერთი პრეზიდენტის - ჯორჯ ბუშის სახელი? ეს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კონიუნქტურის გამოძახილი იყო და ქუჩისთვის ბუშის სახელის დარქმევითა და რეიგანის ძეგლის დადგმით „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს თავიანთ ოკეანისგაღმელ პატრონებს. არადა, საქართველოში იყვნენ და არიან პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართველი ერის წინაშე. ერთ-ერთი მათგანია ვასილ მჟავანაძე, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირის პერიოდში -1953-1972 წლებში მართავდა. საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის აზრით, ვასილ მჟავანაძე ნამდვილად იმსახურებს, რომ მისი სახელი დაერქვას თბილისის ერთ-ერთ ქუჩას... გვესაუბრება ვასილ მჟავანაძის ქალიშვილი, ქალბატონი ნინა მჟავანაძე.

 

 

- ქალბატონო ნინა, ქართველი საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი თვლის, რომ თქვენი მამის სახელი აუცილებლად უნდა ერქვას თბილისის ერთ-ერთ ქუჩას...


- რომელიმე ქუჩისთვის მამაჩემის სახელის დარქმევის იდეა ჩემგან არ მოდის. მე საპატრიარქოში ვმუშაობ და ჩვენი ხშირი სტუმრები არიან „ჩოხოსნები". სწორედ მათ შემომთავაზეს, რომელიმე ქუჩისთვის დაგვერქმია ვასილ მჟავანაძის სახელი. ვუთხარი, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პიარს გაუკეთებს საკუთარი მამის სახელს-მეთქი. მერე ხალხი დაიწყებდა ლაპარაკს, რომ, აი, შვილს უნდაო... არა, ბატონო! დიდი მადლობელი ვარ ჩოხოსნების, რომ მოვიდნენ და მკითხეს, წინააღმდეგი ხომ არ იქნებითო. მადლობელი ვარ, მამას ასეთ პატივს რომ სცემენ და ახსოვთ. დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მაგრამ რატომღაც მიჩუმათდა ეს ყველაფერი, გამოგვიცხადეს, - კომუნისტი იყოო. არადა, თბილისის ქუჩებს რომ გადავხედოთ (მელიქიშვილი და ა.შ.), ყველა კომუნისტი იყო. მამას მართლაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, მაგრამ ჩემგან ცუდი საქციელი იქნება, მოვითხოვო მისი სახელის დარქმევა რომელიმე ქუჩისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ასე მოხდება, უბედნიერესი ვიქნები. უბრალოდ, გულსატკენია, რომ ბევრმა არ იცის ვასილ მჟავანაძის დამსახურება საქართველოს წინაშე. ხალხი გაიძახის, - აი, რა ხდებოდა კომუნისტების დროსო და რა ხდებოდა? იმაზე უარესი ხდებოდა, რაც მიშას მმართველობის პერიოდში?..

 

- თქვენი მამის ცხოვრებიდან საზოგადოებისთვის უცნობ დეტალს ხომ ვერ გაიხსენებთ?


- მინდა, ერთი ამბავი გიამბოთ მამაზე, რომელიც ბევრმა არ იცის. მეც 5 წლის წინათ შევიტყვე, როდესაც მასზე ვაგროვებდი მასალებს. მეუფე დავითის ეპარქიაში ერთი დედაოა და მას ვთხოვე, გაეკითხა, ვინმემ ხომ არ იცოდა რამე მამას საქმიანობაზე თუშეთში. მირეკავს ცოტა ხანში და მეუბნება, - ნინა, საინტერესო ამბავი შევიტყვე ერთი პიროვნებისგან, რომელიც თვითონ ჩამოვა შენთან და მოგიყვებაო. მართლაც, რამდენიმე დღეში მოვიდა ის ადამიანი ჩემთან და მომიყვა, რომ თურმე თუშებს გადასახლებას უპირებდა ნიკიტა ხრუშჩოვი. 1958 წელს ხრუშჩოვთან შესულა ცნობილი დაღესტნელი პოეტი რასულ გამზათოვი და უთქვამს, თუშეთში, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, არავინ ცხოვრობს და, თუ შეიძლება, დავაყენოთ დაღესტნისთვის თუშეთის გადაცემის საკითხიო. იმხნად ტერიტორიების გადაცემა პრობლემა არ იყო. მამამ ეს ამბავი რომ შეიტყო, დაურეკა ხრუშჩოვს და უთხრა: ნიკიტა სერგეევიჩ, თუშეთში 30 წელია, არ ვყოფილვარ, მაგრამ, ვფიქრობ, იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და როგორ შეიძლება მათი გადასახლებაო?! ხრუშჩოვმა უთხრა, წადი, გაეცანი ვითარებას, რა ხდება, როგორი სიტუაციააო. წავიდა. გზა თუშეთში ძალიან ცუდია, ამიტომ ცხენებით ავიდნენ მამაჩემი, რაიკომის მდივანი და კა-გე-ბეს უფროსი ინაური. მამამ რომ ნახა თუშეთის სილამაზე და რა დღეში იყვნენ თუშები, რომლებსაც დანგრეულ სახლებში უწევდათ ცხოვრება, ელექტროენერგია არ ჰქონდათ და მცირერიცხოვანი მოსახლეობა მხოლოდ ცხვრებს უვლიდა (სათანადო პირობების უქონლობის გამო მოსახლეობა მხოლოდ ზაფხულობით ადიოდა თუშეთში), როგორც კი თბილისში ჩამოვიდნენ, სასწრაფოდ შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ აეტანათ გენერატორები, სახლებში დაეყენებინათ და ღამე აემუშავებინათ. რატომ კეთდებოდა ეს? იმიტომ, რომ თურმე ხრუშჩოვი ძალიან ეჭვიანი კაცი იყო და აუცილებლად შეამოწმებდა, დასახლებული იყო თუ არა თუშეთი. მამამ დაურეკა ნიკიტას, - აქ ხალხი ცხოვრობს, უბრალოდ, არ აქვთ გენერატორები, ღამე სახლები რომ გაანათონ, ისე კი, ბევრნი არიანო. თუშეთში აიტანეს 100-ზე მეტი გენერატორი. მამამ იცოდა ხრუშჩოვის ხასიათი, ამიტომ ღამე ადიოდნენ თუშეთში და ამუშავებდნენ გენერატორებს, თითქოს იქ მართლა ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. სამი ღამე გადააფრენდა ხოლმე ხრუშჩოვი თვითფრინავს თუშეთის თავზე. დაინახავდა პილოტი, რომ განათებული იყო და მოახსენებდა ხრუშჩოვს. როდესაც დარწმუნდა ნიკიტა, თუშეთში მართლაც ბევრი ადამიანი ცხოვრობსო, გადასახლების იდეაც გაუქრა. აი, ასე გადარჩა თუშეთი... რამდენიმე დღის წინათ მყავდა სტუმარი - წალკელი ბერძენი, რომელიც 40 წელია, წასულია ყაზახეთში, საერთო ნაცნობი გვყავს, უბრალოდ, მოვიდა და მომიყვა: „იმხანად პატარა ვიყავი, მესამე კლასში, როცა 18 წლის წალკელმა ბიჭმა მოიპარა ერთი ტომარა ფქვილი. ეს მაშინვე ვასილ პავლოვიჩს შეატყობინეს, - ფქვილი მოიპარა და ციხეში ჩავსვამთო. მან კი უთხრა, ციხეში კი არ უნდა ჩასვათ, ჯარში უნდა გაუშვათ სასწავლებლად, ადამიანს შიოდა და ამიტომ მოიპარაო..." წარმოიდგინეთ, ამ ადამიანს ეს ამბავი ახსოვდა, მოვიდა და მადლობა გადამიხადა.


ხახულის კარედის ეპიზოდს გავიხსენებ, რომელიც ბატონმა როინ მეტრეველმა გვიამბო. ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, ეს სიწმინდე - ხახულის კარედი, თურმე ერთ ამერიკელისთვის უნდა მიეყიდათ - თბილისში ჩამოსულან ეს ამერიკელი და კულტურის საკავშირო კურატორი კრემლიდან. მუზეუმის შეშფოთებული დირექტორი შალვა ამირანაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ვასილ მჟავანაძეს. მამას უთქვამს, - დაადე ბოქლომი მუზეუმს და ერთი კვირით სადმე გადაიკარგეო. ბატონი შალვა ასეც მოიქცა. ამ ერთი კვირის განმავლობაში მამამ მოახერხა ხრუშჩოვის გადარწმუნება და ხახულის კარედი გაყიდვას გადარჩა. დღეს ეს სიწმინდე საქართველოშია.

 

 

ბაკურ გულუა, ცნობილი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე:


- ვასილ მჟავანაძე ნამდვილად ღირსია, რომ მისი სახელწოდების ქუჩა თბილისში იყოს. როდესაც ვლაპარაკობთ ვასილ მჟავანაძეზე, პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს მისი პიროვნული ღირსებები. ის იყო პატრიოტი, უაღრესად წესიერი ადამიანი, პრინციპული. მის ხელში განვითარდა საქართველო ეკონომიკურად და სოციალურად. ის ხელს უწყობდა ადამიანთა კეთილდღეობას. 18 წელი ხელმძღვანელობდა ქვეყანას და მის მიმართ ხალხი ყოველთვის დადებითდ იყო განწყობილი. ვასილ მჟავანაძე, როგორც ჭეშმარიტი სახელმწიფო მოხელე, პირველ რიგში, იცავდა ქართველი ხალხის ინტერესებსა და ტრადიციებს.

 

 

ჯუმბერ პატიაშვილი, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ყოფილი პირველი მდივანი, პოლიტიკოსი:


- ვასილ მჟავანაძის ქუჩა აუცილებლად უნდა იყოს თბილისში. ამ ადამიანმა ურთულეს პერიოდში გამოიყვანა საქართველო მძიმე მდგომარეობიდან. სწორედ მჟავანაძის მმართველობის პერიოდში აშენდა თბილისში ბევრი უბანი და სამრეწველო ცენტრი. ისეთი ადამიანების სახელობის ქუჩებია თბილისში, არც კი ვიცით, ვინ არიან ან რა დამსახურება აქვთ ქართველი ხალხის წინაშე და ვასილ მჟავანაძისა არ უნდა იყოს? ზოგიერთ ქუჩას ისეთი ადამიანების სახელები ჰქვია, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ თბილისისთვის, ნამყოფებიც კი არ არიან აქ და უხერხულია, რომ ისეთი მოღვაწის ქუჩა არ არსებობდეს, რომელსაც ნამდვილად დიდი დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე. ვასილ მჟავანაძე საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული ადამიანი იყო. მას აუცილებლად უნდა იცნობდეს და პატივს სცემდეს მომავალი თაობა.

 

 

გრიგოლ ონიანი, საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინის" თავმჯდომარე:


- რატომ გიკვირთ, რომ თბილისში არ არის ვასილ მჟავანაძის სახელობის ქუჩა და უზარმაზარი პორტრეტით არის წარმოდგენილი ჯორჯ ბუშის ქუჩა?! რატომ გიკვირთ, რომ ქართველი გენერალ-ლეინტენანტის, საბჭოთა კავშირის გმირის ოქროსვარსკვლავიანი, უკეთილშობილესი კაცის - ვასილ მჟავანაძის მშობლიურ ქალაქშიც არ დგას პატარა ბიუსტი, მაშინ, როდესაც უცოდინარ და დამთხვეულ კაცს, რონალდ რეიგანს, ჩვენთან ყოფილი სტალინის სახელობის სანაპიროზე ძეგლი დაუდგეს?


თბილისში, სტალინის ყოფილ სასულიერო სემინარიაში, ერთი პატარა აბრის გაკვრა _ „აქ სწავლობდა ი.ბ სტალინი", კანონის ძალით არის აკრძალული. ევროპის შუაგულში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში კი, სადაც მხოლოდ სამ კვირას იმყოფებოდა სტალინი, უზარმაზარი მემორიალური დაფაა, რომელზეც წერია: ,,აქ ცხოვრობდა ი.ბ სტალინი, რომელმაც შექმნა გენიალური ნაშრომი „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი". ხოლო ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქ რიო დე ჟანეიროში ერთ-ერთი პროსპექტი მარშალი იოსებ სტალინის სახელობისაა.


ჩვენ ასეთი ერი ვართ, ასეთნი ვართ ქართველები, რაც შესანიშნავად შენიშნა დიდმა ილია ჭავჭავაძემ:


„მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი".


ესაუბრა ქრისტინე ტოგონიძე


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი