logo_geo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ძაღლის ან კატის მიტოვება ადმინისტრაციულად დასჯადი უნდა გახდეს
- +

29 ნოემბერი. 2021. 14:26

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვების შემთხვევაში ადმინისტრაციულ დასჯას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტის თანახმად:

 

  • რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ, - გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარით;

 

  • იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 3000 ლარით.

 

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან გამოკვეთილი და სწორი ხედვა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით.

 

„ასეთი მუხლი არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც კრძალავს შინაური ცხოველის მიტოვებას, მათდამი სასტიკ და უდიერ მოპყრობას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები შეტანილი უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სხვა საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას კონკრეტული დათქმებით, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს საბოლოოდ ამ კანონპროექტის მიღება. მთავარი დათქმა ის არის, რომ კანონი კომპანიონი ცხოველების შესახებ, რომლის მიღებაც დაგეგმილია, უნდა ამოქმედდეს ამ ცვლილებებთან ერთად იმისთვის, რომ კანონი აღსრულების ნაწილში იყოს ეფექტური“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

 

big_banner
არქივი