logo_geo
ნუნუ მიცკევიჩმა 2021 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
- +

30 ნოემბერი. 2021. 10:29

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, გრანპრის მფლობელები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

 

პირველი ადგილი წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის X კლასის მოსწავლეებმა: საბა ხაბურზანიამ, ანი ესართიამ და დავით რუსიამ დაიკავეს პროექტით „თერმული წყლები“.

 

მეორე ადგილის მფლობელები ქუთაისის N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები ნიკა ყუფარაძე და მარიამ პერანიძე გახდნენ პროექტით: YourDriveIO.

 

მესამე ადგილი კი სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის XI კლასის მოსწავლეებმა გიორგი ფაჯიშვილმა, ბარბარე კობახიძემ და ირაკლი რაზმაძემ მოიპოვეს პროექტით „ინფრაწითელი დიაპაზონის ოვოსკოპი“.

 

პირველ ადგილზე გასული ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდა 5 000 ლარის, მეორე ადგილზე გასული – 3 000 ლარის, ხოლო მესამე ადგილზე – 2 000 ლარის ოდენობით.

 

ონლაინ რეჟიმში გამართულ ღონისძიებაზე ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსის გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა, მიღწეული შედეგები მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით და სტიმულს აძლევს მათ, თავიანთი მომავალი მეცნიერებას დაუკავშირონ.

 

გამარჯვებულებს სიტყვით ასევე მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „თიბისი“ ბანკის, კომპანია „NovelVisio“-ს წარმომადგენლებმა, რომლებმაც კონკურსის წარმატებული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

 

განათლების სამინისტროს ცნობით, ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის პოპულარული კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის, მათში ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. კონკურსი ღია კონკურენციის პრინციპით ავლენს და ახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები.

 

 

 

big_banner
არქივი