logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევენ „მწვანე პასპორტს“, რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება
- +

1 დეკემბერი. 2021. 13:24

 

„არ მგონია, ამან ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა ჩაიტაროს აცრა“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა.

 

ცერცვაძის აზრით, საკოორდინაციო საბჭომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ყველა კოვიდგადატანილს „მწვანე სტატუსი“ მიანიჭა, რადგან მისი განმარტებით, ვირუსის გადატანიდან იმუნიტეტი მხოლოდ 6 თვეს გრძელდება.

 

„რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ეს ასე არ არის. აღსრულების მექანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო პირბადის ტარებაზე. ამიტომ, არ მგონია, ამან ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა ჩაიტაროს აცრა.

 

აქვე იქნება ალბათ, კითხვა იმის თაობაზე, როგორ ვუყურებ იმას, რომ ყველა კოვიდგადატანილს „მწვანე პასპორტი“ ეძლევა. ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს „მწვანე პასპორტს“, რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება. მათ, ვითაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვს გადატანილი, მათ უნდა მიეცეთ „მწვანე პასპორტი“, ასეა სხვა ქვეყნებში. საქართველოს ექნება ორი კოვიდპასპორტი, ერთი უცხოელებისთვის, სადაც ბოლო 6 თვის კოვიდი ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც ყველა კოვიდგადატანილი ჩაითვლება, ეს სწორი არ არის და იმედი მაქვს, ამას გამოასწორებენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის, დღეიდან ახალი რეგულაცია, ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდა. ახალი რეგულაციების თანახმად, სხვადასხვა დაწესებულებებში მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე პირები დაიშვებიან.

 

 

big_banner
არქივი