logo_geo
თენგიზ ცერცვაძე იმ 5 მედიკამენტს ასახელებს, რომელთა გამოყენებაც თავიდან აიცილებს კორონავირუსის მიმდინარეობისას დაავადების დამძიმებას
- +

1 დეკემბერი. 2021. 16:33

 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილია 5 მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. ცერცვაძის განმარტებით, თუ კოვიდინფიცირებული კლინიკას 8-10 დღის განმავლობაში მიმართავს, ამ მედიკამენტების გამოყენებით, პაციენტთა უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

 

„კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და პასუხს ვაგებ მკურნალობასა და ავადმყოფების გადარჩენაზე. ჩვენ სათანადო რეაგირება მოვახდინეთ ამაზე, საერთაშორისო სტანდარტებით ხდებოდა მკურნალობა, მაგრამ გავაძლიერეთ ეს პოტენციალი, შემოვიტანეთ ხუთი უახლესი მედიკამენტი. ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ვაკეთებ, მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ თუ კოვიდავადმყოფი მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაბამისად, გარდაცვალებას. მაგრამ სამწუხაროდ, 5 ახალი მედიკამენტიდან 4 მედიკამენტი ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დაიწყება დაავადების პირველი სიმპტომებიდან 8-10 დღეში, ვიდრე ვირუსი მრავლდება, შემდეგ ეს მედიკამენტები ეფექტური არ არის. ჯერჯერობით ჩვენ შემოვიტანეთ 5 მედიკამენტი, „რემდესივირი“, „ბარიციტინიბი“, „ტოცილიზუმაბი“ და მონოკლონური ანტისხეულების ორი სხვადასხვა სახეობა. ერთ ფორმას ვიყენებთ ამბულატორიულ ავადმყოფებში, ბინაზე დარჩენილებში, მეორე ფორმას – კლინიკაში. ამ მედიკამენტებიდან სამი არის ანტივირუსული მოქმედების და მხოლოდ პირველი რვა დღე მოქმედებს, ერთი არის შერეული მოქმედების, რომელიც მოქმედებს როგორც ანტივირუსული მედიკამენტი, ისე ანთების საწინააღმდეგოდ. ის შეიძლება, დასაწყისში და მოგვიანებითაც გამოიყენო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი