logo_geo
უსიმპტომო კოვიდინფიცირებულები ვირუსის გადამდებნი არიან
- +

3 დეკემბერი. 2021. 17:55

 

მრავალ ადამიანს აწუხებს კითხვა, არის თუ არა  უსიმპტომო კოვიდინფიცირებული ადამიანი გადამდები. სპეციალისტების თქმით,  თუ არ გაქვთ სიმპტომები, მაგრამ ტესტით კორონავირუსი დაგიდასტურდათ, თქვენ სხვებისთვის ინფიცირების წყაროს წარმოადგენთ და დაუყოვნებლივ უნდა გადახვიდეთ იზოლაციაში.

 

„უსიმპტომო პაციენტები კოვიდინფიცირებულების დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს და, რა თქმა უნდა, უსიმპტომო პაციენტებიც გადამდებნი არიან.  განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ის ნაკლებად ავრცელებს ვირუსს, რადგან აცემინებს, არ ახველებს, რა დროსაც ყველაზე მეტად ხდება ვირუსის გაფრქვევა. ასევე გადამდებია პრესიმპტომური პაციენტი, ანუ ადამიანს სანამ სიმპტომი დაეწყება,  მანამდე ორი დღის განმავლობაში ის გადამდებია“, - ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

 

როდის ითვლება  პაციენტი  გამოჯანმრთელებულად  და  როდის  შეუძლია იზოლაციის დასრულება?

 

 სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ იზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე;   თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი.

 

შესაძლებელია თუ არა  უსიმპტომო  პაციენტის  მდგომარეობის მოულოდნელად გამწვავება?

 

შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალ-ყური დაავადების მიმდინარეობას და, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს. ასევე შესაძლებელია, დაავადებამ ბოლომდე უსიმპტომოდ ჩაიაროს.

 

შეიძლება თუ არა  კოვიდინფიცირებული  12-დღიანი  ვადის  გასვლის შემდეგ  ისევ იყოს გადამდები?

 

„ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანში ეს ვადა საკმარისია იმისთვის, რომ იგი  აღარ იყოს გადამდები, თუმცა არის  ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სერიოზული დაზიანება და სხვადასხვა დაავადება აქვს -ან დაბალი იმუნიტეტი, ანდა - დაქვეითებული.  მათთან შეიძლება 20 დღემდეც გაგრძელდეს გადამდებობა, ანუ ვირუსის გამოყოფა და, შესაბამისად, ასეთი ადამიანებისთვის არის რეკომენდაცია, რომ უფრო გაახანგრძლივოს იზოლაციის  პერიოდი“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.

 

ჩვენს კითხვას, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსიმპტომოებისგან თავი,  ინფექციონისტი ასე პასუხობს:

 

„უსიმპტომოებისგან თავს ვერანაირად ვერ დავიცავთ, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ინფიცირებული და ვინ - არა, ამიტომ აუცილებელია, მუდმივად დავიცვათ  რეგულაციები, დავიცვათ დისტანცია, გავიკეთოთ პირბადე.  ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თვითონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვთ  ვირუსი უსიმპტომოდ, იგრძნონ მეტი პასუხისმგებლობა და,  სიმპტომურების მსგავსად, დაიცვან იზოლაციის წესები. მათაც მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები, რომ გავრცელების წყაროდ არ იქცნენ.  იმ ზოგიერთს ჰგონია, რადგან  სიმპტომები არ აქვს, მისი გადაადგილება პრობლემას არ ქმნის და გადაადგილდებიან კიდეც საზოგადოებაში.  ეს არის დიდი დანაშაული, იცის, რომ კოვიდი აქვს და, ამის მიუხედავად, არღვევს წესებს. ასეთ დროს სხვა შეიძლება დაინფიცირდეს. ამიტომ აუცილებელია სახლში ყოფნა“, - ამბობს მაია ბუწაშვილი და  ყველას ურჩევს რეკომენდებული წესების დაცვას.

 

კიდევ ერთი კითხვა დავუსვით ექიმს, რომელიც ხშირად აინტერესებთ - როდის ჩნდება ორგანიზმში ანტისხეულები?

 

„ანტისხეულები ჩნდება ორგანიზმში კოვიდის გადატანიდან დაახლოებით 3-4 კვირაში,  ცოტა  უფრო ადრეც. ანტისხეულების  რაოდენობა ორგანიზმში მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი კოვიდგადატანილი ან ვაქცინირებულია. ანტისხეულების არქონა არ ნიშნავს, რომ არ არის იმუნიტეტი. არსებობს სხვა მექანიზმიც - შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ანტისხეულები, მაგრამ მაინც იყოს დაცული. თუმცა ყველამ - ანტისხეულის მქონემ, აცრილმაც, კოვიდგადატანილმაც, თანაბრად უნდა დაიცვას რეკომენდებული წესები, რომ არ დავინფიცირდეთ. გარანტია იმის, რომ არ დაგემართება კოვიდი, არ არსებობს. აუცილებელია  წესების დაცვა“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.

 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ  რეგულაციის წესები: რეკომენდებულია პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დახურულ და ღია სივრცეში - ყველგან, სადაც შეუძლებელია დისტანციის დაცვა;  პირბადის სწორი მოხმარება აუცილებელია, პირბადე უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს. ერთჯერადი პირბადე არ უნდა იყოს გამოყენებული მრავალჯერადად; ხელების ხშირი დაბანა ან/და დეზინფექცია უნდა მოხდეს, განსაკუთრებით სამუშაო სივრცეში, კვების ობიექტებში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში; აუცილებელია  ასევე სოციალური დისტანციის დაცვა და ფიზიკური კონტაქტისგან (გადაკოცნა/ხელის ჩამორთმევა) თავის არიდება; ხალხმრავალი სოციალური ღონისძიებების (ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები და ა.შ.} გამართვისა და მათში მონაწილეობისგან თავის შეკავება. ასევე გვახსოვდეს,

 

კორონავირუსისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ვაქცინაციაა.

 

 

 

 

big_banner
არქივი