logo_geo
ვახტანგ ქორიძე: ხიზილალა ბევრს არ უყვარდა, მაგრამ გვაძალებდნენ...
- +

7 მაისი. 2017. 23:39



დღევანდელ წერილში თბილისის „დინამოს" კიდევ ერთ ფეხბურთელს გაგახსენებთ. ვახტანგ ქორიძე „დინამოს" იმ ვარსკვლავური შემადგენლობის მოთამაშე გახლდათ რომელმაც წინა საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში ქართველ გულშემატკივრებს დიდი სიხარული მიანიჭა.


სამწუხაროდ ფეხბურთელმა პროფესიული კარიერა ადრე, 29 წლის ასაკში დაასრულა. ამისი მიზეზი ხშირი ტრავმიანობა გახლდათ. ვახტანგ ქორიძე for.ge-ის სტუმარია და განვლილ საფეხბურთო კარიერაზე საუბრობს.


„ფეხბურთელის კარიერა ბათუმში დავიწყე, 16 წლიდან კი პირველ გუნდში დავწინაურდი. სამი წლის მანძილზე ვთამაშობდი საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში... 1969 წლის იანვრის ერთ მშვენიერ დღეს თბილისის „დინამოს" ამხანაგურად გავეჯიბრეთ, მატჩის შემდეგ კი თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გივი ჩოხელმა „დინამოში" მიმიწვია. ასე მოვხვდი პირველად ჩემს საოცნებო კლუბში! თუმცა თბილისში მხოლოდ ნახევარი წელი გავჩერდი - არ მათამაშებდნენ, მე კი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ნაღდად არ მსურდა. ამიტომ კვლავ ბათუმში დავბრუნდი. ან კი როგორ გავუწევდი კონკურენციას მურთაზ ხურცილავას ან ვახტანგ ჭელიძეს? ჩემზე უფროსები და გაცილებით გამოცდილები იყვნენ...


როცა 19 წლისა თბილისის „დინამოდან" მიდიხარ, ცხადია, არც ფიქრობ, რომ იქ ოდესმე დაბრუნდები, მაგრამ ძალიან გამიმართლა და ბედმა მეორე შანსიც მარგუნა. 1974 წელს ბათუმელები გორში ამხანაგურად გავეჯიბრეთ ადგილობრივ „დილას". 25 წლის ვიყავი იმ დროს. მერე გავიგე, რომ თამაშს თბილისელთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელი, მიხაილ იაკუშინი და მისი თანაშემწე კახი ასათიანიც დაესწრნენ, მათ თურმე გორელი თენგიზ ბურჯანაძის საქმეში ხილვა სურდათ. იაკუშინს კი მე მოვეწონე და თბილისში მიხმო, ასე მითხრა, ზუსტად შენნაირი ფეხბურთელი მჭირდებაო...


„დინამოში" მეორედ მისულს, პატარა ბიჭი ნამდვილად არ მეთქმოდა, მაგრამ თავდაპირველად მაინც ძალიან გამიჭირდა, განსაკუთრებით სეზონისწინა შეკრებებზე. მოსამზადებელი პროცესი მაშინ თითქმის სამი თვე გრძელდებოდა, აქედან თვე-თვენახევარი ლესელიძეში ვვარჯიშობდით. არ დაიჯერებთ, მაგრამ მენატრებოდა დღეში ორჯერადი წვრთნები - ჩვენ ხომ დღეში სამჯერ გვავარჯიშებდნენ!


გაგეცინებათ, მაგრამ ძალების აღდგენას შავი შოკოლადით და წითელი ხიზილალით ვცდილობდით. რა თქმა უნდა, ხილიც გვქონდა. ხიზილალა ბევრს არ უყვარდა, მაგრამ გვაძალებდნენ. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება... ეგ კი არა, იყო პერიოდი, როცა ენერგიისგან დაცლილებს, წყლის დალევასაც გვიშლიდნენ - არაა სასარგებლოო. არადა, წყალი ყველაზე აუცილებელია.


არაერთხელ მსმენია და ვიზიარებ კიდეც ამ მოსაზრებას: ახალკაცის „დინამოს" აღმასვლა, რაც 1976 წლიდან დაიწყო, გარკვეულწილად მიხაილ იაკუშინის დამსახურება იყო. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი იმ გუნდს, რომელიც მომდევნო 5 წლის მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში.


იაკუშინი ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო, ბიჭებთან ურთიერთობაც იცოდა და თავის საქმე ხომ ხუთიანზე ჰქონდა შესწავლილი! მაგრამ მთავარი, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა, ეს მოთამაშეთა სელექცია იყო. სხვა თუ არაფერი, ვიტალი დარასელიას მაგალითიც კმარა - ერთხელ შეხედა ოჩამჩირის „ამირანში" მოთამაშე ბიჭს და მიხვდა რაც შეეძლო, ეგრევე „დინამოში" უხმო.


ნოდარ ახალკაცი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას კარგად მომზადებული შეხვდა. იაკუშინის დროს ის გუნდის უფროსი იყო, თუმცა მუდმივად ჩართული გახლდათ სამწვრთნელო პროცესში. დაინიშნა თუ არა მთავარ მწვრთნელად, ახალი ვარჯიშები დანერგა, სხვა უამრავი სიახლეც შემოიტამა. დანარჩენი, რასაც მიაღწია, უჩემოდაც ყველამ კარგად იცით.


1976 წლამდე, ანუ სანამ „დინამოს" იაკუშინი ხელმძღვანელობდა, ყოველთვის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვიდექი ვახტანგ ჭელიძესთან და ფირუზ კანთელაძესთან ერთად, ახალკაცის მოსვლის შემდეგ კი ნახევარდაცვაში გადავინაცვლე. ფარსადანოვიჩმა მითხრა, მოედანს კარგად ხედავ, ჯანზეც ხარ და სჯობს წინ წაიწიოო. მას შემდეგ „დინამოდან" წასვლამდე სულ ნახევარდაცვაში ვიდექი.


ახალ ამპლუაში არ გამჭირვებია, ეგ კი არა, უკეთესადაც ვგრძნობდი თავს. რამდენიმე წელიწადი შეუცვლელად ვითამაშე - მატჩი არ გამომიტოვებია, მაგრამ სამწუხაროდ, კარიერაში პირველმა ტრავმამ ჩემზე დამღუპველად იმოქმედა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესმა გამარჯვებამ უჩემოდ ჩაიარა.


რა ტრავმა იყო ასეთი? საზარდულის კუნთი გამიწყდა. იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი ვიყავი, იუგოსლავიელებთან უნდა გვეთამაშა. მატჩისწინა ვარჯიშზე, გასახურებლად სველ მინდორზე გასულს ფეხი დამიცურდა და საზარდულის ზევით ტკივილი ვიგრძენი. მინდორზე მაინც გავედი, ტკივილგამაყუჩებლით ვითამაშე, მაგრამ მალე ისეთ დღეში ჩავვარდი, შესვენებაზე შეცვლა ვითხოვე. ეგ იყო და ეგ - იმის მერე კარგად აღარც მითამაშია. ფაქტიურად, კარიერა 29 წლის ასაკში დავასრულე...


სიგარეტის მოწევა რომ დავიწყე 18 წლის ვიყავი და მერე ვერაფრით დავანებე თავი. ამის შესახებ „დინამოში", ცხადია იცოდნენ, მაგრამ რას იზამდნენ? ისე, ახალკაცის დროს შეკრების პერიოდში მოწევაზე 50 მანეთი იყო ჯარიმა, როცა ხელფასი 200 მანეთი გვქონდა. 100 მანეთი ყოველი მოგებული თამაშის შემდეგ გვემატებოდა. ის 50-მანეთიანი ჯარიმა საკმაოდ ბევრჯერ გადამიხდია...


1976 წლის შემოდგომით, თასების მფლობელთა თასზე გასულებმა მეორე წრეში უნგრეთის მტკ-სთან თბილისში 1:4 წავაგეთ. ეს იმ მატჩთა კატეგორიიდან იყო, როცა ერთ გუნდს არაფერი გამოსდის, მეორეს კი პირიქით, ყველაფერი. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ვახტანგ ჭელიძემ, რომელიც მართლა მაგარი მცველი იყო, ფაქტიურად იმ თამაშის შემდეგ დაასრულა კარიერა. მაგრამ მტკ-სთან წაგებით ბევრიც ვისწავლეთ. დიდი გამარჯვებები იოლად არასდროს მოდის...


ჩემს კარიერაში რამდენიმე შეხვედრაა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ასეთთა შორისაა 1977 წელს თბილისში ვოროშილოვგრადის „ზარიასთან" გამართული ის სკანდალური თამაშიც, რომელშიც ლიტველმა მსაჯმა იუშკამ უკადრებელი იკადრა. ხალხი მოედანზე გადმოვიდა! მაშინ ჩემპიონატის მოგება შეგვეძლო, მაგრამ „დინამოს" პირველობა, ეტყობა არავის აწყობდა და... საოცარი სანახავი იყო მინდორზე გადმოსული ათასობით კაცი! საბედნიეროდ, რაიმე უბედურება არ მომხდარა. როცა გულშემატკივრები მინდორზე გადმოიჭრნენ, მათ მხოლოდ ერთი „მიზანი" ამოძრავებდათ - მსაჯთან სურდათ „ურთიერთობის გარკვევა". მახსოვს, „ზარიას" ფეხბურთელები ჩვენს გასახდელში დავმალეთ, თორემ სტუმართა ოთახი სულ დალეწილი იყო... არასდროს დამავიწყდება ედუარდ შევარდნაძის საქციელიც - როგორია ქვეყნის პირველი პირისგან ასეთი ეგზალტირებული მასის წინაშე დაცვის გარეშე გასვლა და საუბარი?! ძალიან თამამი ნაბიჯი იყო!


ოდესის „ჩერნომორეცთან" ის ცნობილი 3:3 ნაღდად არ იყო „ჩაწყობილი", არადა ყველა ამას ამბობს, მოლაპარაკებული იყოო. პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს ვიგებდით, შესვენების შემდეგ კი არ ვიცი რა მოხდა - ორი გოლი ისეთი შორი მანძილიდან გაგვიტანეს, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ჩემს ავტოგოლზე კი აბა რა ვთქვა? საკუთარ კარში ბურთი მე კი არა, ბეკენბაუერსაც გაუტანია. დამიჯერებთ ალბათ, რომ თუ რამე არ მსურდა, პირველ რიგში ბურთის ჩვენს კარში შეგდება...


1978 წელს უეფას თასზე „ნაპოლი" გვარგუნა წილისყრამ. თბილისში 2:0 მოვიგეთ, საპასუხო თამაშის წინ კი, ნეაპოლში მყოფებმა შევიტყვეთ, რომ ვიტალი დარასელიას ბიჭი შეეძინა! იყო ერთი სიხარული, ხვევნა-კოცნა და მილოცვა, ვიტალიმ კი, ვინც გოლს გაიტანს, იმის სახელს დავარქმევ შვილსო. ერთ მომენტში ძალიან კარგად დავარტყი, გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მეკარემ რაღაც სასწაულით ბურთი მოიგერია. დამატებაზე ვიტალიმ იყოჩაღა და პატარასაც მამის სახელი დაენათლა.


ოცდაათს ვიყავი მიტანებული, საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომ მიხმეს. ნიკიტა სიმონიანი იყო მაშინ მთავარი მწვრთნელი. იცით, ეს რა დრო იყო? ქვეყნის პირველ გუნდში 5-6 თბილისელი მუდმივად თამაშობდა. ჩვენ ევროპის 1980 წლის ჩემპიონატზეც შეგვეძლო გასვლა, საამისოდ უნგრელებისთვის უნდა მოგვეგო, მაგრამ ნაკრების მოსკოველმა მეკარემ გონტარმა თბილისში ისეთი ბურთები გაუშვა, არც ვიცი რა ვთქვა. ვერ მოვიგეთ და ევროპაზეც ვერ მოვხვდით... გული მწყდება, რომ ნაკრებში მხოლოდ 4-ჯერ ვითამაშე.


1981 წლის 13 მაისის ღამეს თბილისში ვიყავი, „დინამოს" ტრიუმფის შემდეგ კი ხალხთან ერთად ქუჩაში მეც გავედი. ის, რაც მაშინ თბილისში ხდებოდა, საოცარი იყო, ასეთი რამ არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ: ხალხი ცარიელ სტადიონზე შეიკრიბა, მინდორს, შენობის კედლებს კოცნიდა, მერე კი ვიღაცამ შემამჩნია, ხელში ამიტაცა და კარგა ხანს ასე მატარეს.


1980 წლის დასაწყისიდან ხეირიანად თამაში კი არა, სიარულიც მიჭირდა. ახალკაცს და ასათიანს რამდენჯერმე ვთხოვე გუნდიდან გაშვება, მაგრამ მეუბნებოდნენ, გვჭირდები, გუნდში უნდა იყოო. საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც საჭირო იყო - ფეხბურთში დაბრუნებას ვეღარ შევძლებდი და კარიერაც დავასრულე. კი იცით „დინამო" ვის დაქვემდებარებაში მყოფი კლუბი იყო. მეც შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა.

 

60 წლის რომ გავხდი, 2009 წელს, თბილისის და ჩემი მშობლიური ბათუმის „დინამოს" ვეტერანებმა ამხანაგური შეხვედრა მომიწყვეს. ორივე გუნდში ვითამაშე და თითო გოლიც გავიტანე. ამაზე კარგი საჩუქარი რა უნდა ყოფილიყო? მთავარია, რომ მატჩიც სათანადო ანგარიშით დასრულდა - 3:3.


მიხარია, როცა გულშემატკივრები ჩვენ „დინამოს" იხსენებენ და ამბობენ, ქორიძეს კარგი დარტყმა ჰქონდაო. დასამალი რაა, ასე იყო: თუ რამე მეხერხებოდა, კარგად და ძლიერად დარტყმა. საბედნიეროდ, „დინამოში" ჩემამდეც და ჩემს მერეც იყვნენ ფეხბურთელები, ვისაც ეს შეეძლო: იგივე მანუჩარ მაჩაიძე, თენგიზ სულაქველიძე, გია თავაძე, გია გურული..."


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი