logo_geo
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე: არ შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინა და საქართველო ვერასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები
- +

6 დეკემბერი. 2021. 03:00

 

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინა და საქართველო ვერასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ შეგვიძლია, შევთავაზოთ უკრაინას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ცოტათი ორიენტირებული იყოს ფინეთზე“, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა გერმანულ გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

კითხვაზე არის თუ არა შეშფოთებული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან მომავალ საფრთხეზე, ვოლფგანგ იშინგერმა უპასუხა, რომ ზოგიერთების პოზიციისგან განსხვავებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ ელოდება, რადგან მოსკოვმა იცის, რომ შეჭრის საფასური ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე ადრე.

 

„კარგია, რუსეთს შევახსენოთ ის, რაც ნატო-მ გააკეთა ამ დღეებში. პუტინის მუქარა შემაშფოთებელია, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი თავის თავს თავდაცვით პოზიციაში ხედავს. მას დიდი ხანია, ამოძრავებს შიში, რომ ამერიკა მოისურვებს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში შეყვანას. ეს არის რუსეთისთვის წითელი ხაზი. არ შეიძლება, იმის თქმა, რომ უკრაინა და საქართველო ვერასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ შეგვიძლია, შევთავაზოთ უკრაინას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ცოტათი ორიენტირებული იყოს ფინელებზე. ფინეთი ევროკავშირის წევრია და არა ნატო-სი“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.

 

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თავმჯდომარე, ანგელა მერკელის ყოფილი მრჩეველი, გაერო-ში გერმანიის ყოფილი წარმომადგენელი კრისტოფ ჰოისგენი გახდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი