logo_geo
კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 31 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება
- +

6 დეკემბერი. 2021. 13:50

 

 

მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ წლის ბოლომდე გრძელდება  და ბაკალავრიატის სტუდენტებს ნაშრომების წარმოდგენის ვადა 31 დეკემბრის ჩათვლით აქვთ. საკონკურსო ნაშრომების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტების მხრიდან მაღალი ჩართულობისა და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფიდან გამომდინარე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარებაა, 1 ნოემბერს გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია.

კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში  გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად IPhone 13 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს - HP Pavilion, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს IPad 10.2 (9 Gen) გადაეცემა.

პრიზების გარდა, კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება. კომუნიკაციების კომისია სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს, კურსის გავლის შემდეგ მათ ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში. გადამზადებული სტუდენტები საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში გაუზიარებენ.

კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე და კომისიის ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეექვსედ გამოაცხადა. სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი ოთხჯერ, სტუდენტებისთვის კი ერთხელ ჩატარდა.

 

 

big_banner
არქივი