logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: პანდემიამ ჯანდაცვის კუთხით შექმნილი პრობლემების გარდა, სოციალური პრობლემების წინაშეც დაგვაყენა
- +

6 დეკემბერი. 2021. 19:59

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფმა დღეს  პირველი ზეპირი მოსმენა გამართა საკითხზე: „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“.

 

თემატური ჯგუფის წევრები  საერთაშორისო და  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები წერილობით წარმოადგინეს.

 

„კოვიდპანდემიამ ჯანდაცვის კუთხით შექმნილი პრობლემების გარდა, სოციალური პრობლემების წინაშეც დაგვაყენა. აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ბევრს აკეთებს, რათა სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, მოსახლეობისთვის ეს ტვირთი შეემსუბუქებინა, მაგრამ სირთულის მასშტაბიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმარისი არაა. თუმცა არსებული რესურსების უფრო ეფექტურად მართვის შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი სარგებელი ყოფილიყო. მოკვლევის მიზანიც სწორედ ისაა, რომ გავაანალიზოთ პანდემიის ფონზე არსებულმა პროგრამებმა რა გავლენა იქონიეს სოციალურ-ეკონომიკური კუთხით და რა ეფექტი მივიღეთ იმ დანახარჯებით, რაც გაიცა ბიუჯეტიდან“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელ დავით სერგეენკოს შეფასებით, თემატური მოკვლევის სახით, რომლის ფარგლებშიც  უნდა შეისწავლონ  თუ რამდენად ეფექტიანი იყო საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული მართვის გეგმა პანდემიის პერიოდში, რამდენად მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური უკუგება ჰქონდა მას,  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ერთ-ემნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს.

 

„ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორთან. დღევანდელი შეხვედრის ამოცანას როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათთვის წინასწარ გაზიარებული მონაცემების, კითხვების ანალიზი და ურთიერთშეჯერება წარმოადგენს. ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციების  ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნათელი და მკაფიო შედეგების მისაღებად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

თემატური მოკვლევის ჯგუფის ფორმატში დეპუტატებმა არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან მოისმინეს მათი მოსაზრებები და შეფასებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

თემატური მოკვლევის პროცესში ჩართული არიან როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, აღმასრულებელი რგოლი როგორც ცენტრალური, ასევე თვითმმართველობის დონეზე.

 

თემატური მოკვლევის ჯგუფი მორიგ ზეპირ მოსმენას თვითმართველობის წარმომადგენლებთან,  პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელებთან გეგმავს, ვინც თემატურად უშუალოდ ჩართული არიან კოვიდის პირობებში მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებში. ამ პროცესის შედეგად ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

 

 

big_banner
არქივი