logo_geo
შალვა პაპუაშვილმა იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულა
- +

6 იანვარი. 2022. 19:28

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულა. შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„დღეს ვიმყოფებოდით იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც აქ გადიან მკურნალობას. ყველას ვულოცავ დამდეგ შობას და ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ წელიწადს.

 

მიხარია, რომ ასეთ თბილ გარემოში გადიან ბავშვები მკურნალობას და რომ საშობაო და საახალწლო განწყობა აქაც სუფევს. ყველა ბავშვს ვულოცავ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას მათ ოჯახებთან ერთად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

 

„მოვინახულეთ ჩვენი პატარა მეგობრები, რომლებსაც, ვფიქრობ, ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ და სწორედ ეს იყო ჩვენი სტუმრობის მიზანი. მივულოცეთ ახალი წელი და დამდეგი შობა, ვუსურვეთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, ბედნიერება, წინსვლა, სიყვარული და სითბო. ჩვენი სტუმრობა ადასტურებს, რომ მათ მხარდაჭერა აქვთ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური პროგრამის დაფინანსების გაზრდაზე, იმ საჭიროებების გაუმჯობესებაზე, რაც მათთვის პირველი რიგის პრობლემაა. ჩვენი ვალდებულებაა, მათ გვერდში დავდგეთ ყველა მხრივ, რათა მათი ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული და ისინი იყვნენ ჯანმრთელი მომავალი თაობის სრულფასოვანი შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

იაშვილის კლინიკაში ამჟამად მკურნალობას სხვადასხვა ასაკის 30 ბავშვი გადის.

 

 

big_banner
არქივი