logo_geo
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე ინფორმაცია მოისმინეს
- +

13 იანვარი. 2022. 20:35

 

თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესზე ინფორმაცია მოისმინეს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დეპუტატებთან, დახურულ ფორმატში, მიმდინარე მოლაპარაკებებში საქართველოს ინტერესების დასაცავად ქართველი დიპლომატების მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეებმა განცხადებები გააკეთეს და სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია შეაფასეს:

 

„საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია თუ რა სამუშაო გასწიეს აღნიშნულმა სამინისტროებმა საქართველოს ინტერესების დასაცავად იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ნატოსა და რუსეთს შორის და დღეს უკვე ეუთოს ფორმატში გაიმართა. იმ ინფორმაციებზე, რომელიც ჩვენ სამინისტროებიდან მივიღეთ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და საქართველოს ნატოში წევრობის საკითხი, არც ერთი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არ გადაიხედება. ეს არის ის მკაფიო გზავნილი, რომელიც ყველა ამ შეხვედრაზე გაჟღერდა. იმედი გვაქვს, რომ ეს საჯარო თუ დახურულ კარს მიღმა გაკეთებეული განცხადებები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ძალიან მალე ქმედით ნაბიჯებად გადაიქცევა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ნატოს სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

„მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით საინტერესო საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ჩვენ პარტნიორებს - ამერიკის შეერთებულ შტატების და ნატოს და მეორეს მხრივ, აგრესორ -  რუსეთის ფედერაციას შორის. ამ მოლაპარაკებების შესახებ კომპეტენტური უწყებებისგან ძალიან ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მოვისმინეთ. გავეცანით მათ შეფასებებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ უწყებების მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად იდგმევა. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ როგორი იყო გასულ წელს საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან და 2022 წელს როგორი და რა დონეზე დატვირთული იქნება თანამშრომლობა როგორც პრაქტიკული ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

 

 

big_banner
არქივი