logo_geo
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 150-ზე მეტი პაციენტიდან მხოლოდ 16-ის მშობელია ვაქცინირებული
- +

24 იანვარი. 2022. 10:42

 

საქართველოში, ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირების 15-დან 20%-მდე ბავშვებზე მოდის. ამ დროისთვის, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 163 ინფიცირებული არასრულწლოვანია მოთავსებული. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი არ არის. იქ 25 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგანაც 3-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.

 

„ამჟამად, კლინიკაში 163 პაციენტია, ადგილები გვაქვს, უბრალოდ, არ არის ადგილები რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პაციენტები სწრაფად იცვლებიან, ანუ ეწერებიან და ახალი პაციენტები შემოდიან. სულ 16 მშობელია ვაქცინირებული, მათგან 8 მშობელია კორონავირუსული ინფექციით დაავადებული, დანარჩენი 8 მშობელი კი არაა დაავადებული. ბავშვებიდან, რომლებიც 12 წლის ასაკის ზემოთ არიან, ვაქცინირებული ამჟამად არავინ არ გვიწევს“, - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 051 445 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 962 035, გარდაიცვალა 14 701 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

big_banner
არქივი