logo_geo
ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციათა ციკლი გახსნა
- +

26 იანვარი. 2022. 19:36

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაურის საჯარო ლექციით - „საკანონმდებლო ხელისუფლება თანამედროვე საქართველოში“, გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციათა ციკლი.

 

ღონისძიება zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინ ფორმატში გაიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის ასამდე სტუდენტი და სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

„მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებთან შეხვედრა. საუბარი ძირითადად პრაქტიკოსი იურისტის თვალით დანახულ საპარლამენტო საქმიანობას და ამ პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობას ეხებოდა. გავუზიარე ის ხედვები და სამომავლო ნაბიჯები, რომელსაც ეფექტური საპარლამენტო საქმიანობის კუთხით ვგეგმავთ და ამავდროულად ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ სახეზე გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითიც, როდესაც სტუდენტებმა პარლამენტში უბილეთო მგზავრობის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინეს და რომელიც გაზიარებულ იქნა პარლამენტის მიერ. ვფიქრობ, რომ საერთოდ, სტუდენტების აქტიურობა, საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობა და ამა თუ იმ საკითხების გადაწყვეტაში ჩართულობა, მათ შორის, პოლიტიკურ საკითხებში, ვგულისხმობ ინიციატივების კუთხით, მეტად მნიშვნელოვანია და დღევანდელი შეხვედრაც ამას ისახავდა მიზნად. ნამდვილად ახალგაზრდებთან აქტიური, მჭიდრო თანამშრომლობით უნდა ხდებოდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც თუნდაც პარლამენტი ახორციელებს. ხელისუფლების მიზანია, კიდევ უფრო მეტად ინკლუზიური იყოს ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო მეტად განაპირობებს ერის კონსოლიდირებას და ქვეყანას, საბოლოო ჯამში, წინ წაიყვანს. ეს არის, ვფიქრობ, ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ეს შეხვედრაც“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის შემდეგ და იმედი გამოითქვა, რომ სტუდენტების აქტივობა საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის კუთხით მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

 

 

big_banner
არქივი