logo_geo
გორის სამხედრო ჰოსპიტალი: არ არსებობდა ვიდეომასალის შენახვის აუცილებლობა და ვალდებულება
- +

28 იანვარი. 2022. 15:21

 

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის პერიოდში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

 

კლინიკის ცნობით, ვიდეოკამერები მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მისი უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა და მას შემდეგ, რაც იგი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, კადრების შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა.

 

შესაბამისად, სამხედრო ჰოსპიტალი განმარტავს, რომ 31 დეკემბერს, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სააკაშვილის კადრების გადაცემა მოითხოვა, ისინი უკვე წაშლილი იყო.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები.

 

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ,  მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.

 

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 საათზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეო-მასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი როგორც აღინიშნა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა.

 

მასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში დავით ღონიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიცემული აქვს დეტალური ჩვენება და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

 

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ცხადი იქნება, რომ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“, - აღნიშნულია სამხედრო ჰოსპიტალის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი