logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ანგაჟირებული ტელევიზიები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი
- +

28 იანვარი. 2022. 21:09

 

„ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID აპოკალიფსი. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„ომიკრონის ფართოდ გავრცელების შემდეგ ამერიკის და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ასე მაგალითად, ა.წ. 26 იანვარს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში დაფიქსირდა 4408 შემთხვევა, მაშინ როდესაც საფრანგეთში დაფიქსირდა 6534 შემთხვევა, ყველაზე სრულად ვაქცინირებულ ისრაელშიც კი - 8166 შემთხვევა და ა.შ.

 

გავრცელებულია აზრი, რომ ომიკრონი იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას და გაცილებით ნაკლებ სიკვდილობას. ეს სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ახალი შემთხვევების და ე.წ. აქტიური COVID ავადმყოფების გაცილებით მაღალი რიცხვის გამო ჯამში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასე მაგალითად: აშშ-ში ა.წ. 26 იანვარს დაფიქსირდა 3244 გარდაცვალება (ასეთი მაღალი სიკვდილობა მათ ერთი წელია არ ჰქონიათ), ანუ 9,7 გარდაცვალება 1 მილიონ მოსახლეზე, მაშინ როდესაც საქართველოში იმავე დღეს გვქონდა 27 გარდაცვალება , ანუ 6,9 – 1 მილიონ მოსახლეზე. მიაქციეთ ყურადღება - ამ დღეს ჩვენზე შეუდარებლად უფრო ძლიერ და სრულად ვაქცინირებულ ამერიკას, ისევე როგორც ბევრ სხვა სრულად ვაქცინირებულ ქვეყანას, 1 მილიონ მოსახლეზე ჰქონდა უფრო მეტი გარდაცვალება, ვიდრე საქართველოს.

 

აღსანიშნავია, რომ ამერიკის CDC-ს დირექტორის როშელ ვალენსკის განცხადებით, რომელიც მან თეთრ სახლში გააკეთა „შედარებით მსუბუქი არ ნიშნავს მსუბუქს“ “Milder does not mean mild” (ლაპარაკია ომიკრონზე). ჯანმოს გენერალური დირექტორი ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ „ომიკრონი რჩება საშიშ ვირუსად“.

 

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის და კლინიკური სექტორის მზადყოფნას და პაციენტთა ნაკადების მართვას, აქაც საქართველო არაფრით ჩამორჩება ამერიკის და ევროპის ქვეყნებს. ასე მაგალითად, აშშ CDC-ის ოფიციალური მონაცემებით აშშ-ში გადავსებულია კლინიკები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ბრიტანეთში ექიმებს სამხედროები ეხმარებიან და ა.შ. მაშინ, როდესაც საქართველოში მობილიზებული 8000-ზე მეტი საწოლიდან დაკავებულია მხოლოდ 4894 საწოლი, ანუ მხოლოდ 60%. საქართველოში ა.წ. 1 იანვრამდე მოქმედ 60 „ონლაინ კლინიკას“ დაემატა კიდევ 40 „ონლაინ კლინიკა“, რომლებიც დაკომპლექტდა შესაბამისად გადამზადებული ოჯახის ექიმებით. გაძლიერდა ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“, რომელიც ახორციელებს 100 „ონლაინ კლინიკაზე“ მონიტორინგს და მათ გადაზღვევას. შედეგად საქართველოში სადღეისოდ გვყავს 124 ათასზე მეტი აქტიური COVID ავადმყოფი და მათგან არცერთი ავადმყოფი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ დარჩენილა ექიმის გარეშე, ყველა მათგანს მიეწოდება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. არცერთი COVID ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია არ დარჩენილა კლინიკის გარეთ. ყველა ავადმყოფს უტარდება მკურნალობა უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტებით და მიდგომებით. არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის, მედიკამენტების ან სასუნთქი აპარატების ნაკლებობის გამო და ყველაფერი ამის შემდეგ ჩასაფრებულ ადამიანებს ყოფნით სითავხედე, რომ ილაპარაკონ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე და ავადმყოფების ბედის ანაბარად მიტოვებაზე.

 

მივმართავ მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების და ექსპერტების განცხადებებს, რომლებიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვისა და პანიკის გამოსაწვევად. იყავით მშვიდად. ითანამშრომლეთ ექიმებთან. ატარეთ პირბადე. აიცერით! აიცერით! აიცერით! რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამის გაკეთება რეალურია“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

big_banner
არქივი