logo_geo
როგორ დავიცვათ კომპიუტერი ახალი ვირუსისგან - ექსპერტის რჩევები
- +

15 მაისი. 2017. 15:21


ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი მომხმარებლებს იმ რჩევებს უზიარებს, რომელიც მათ კომპიუტერებს ვირუსების შეღწევისგან დაიცავს.


„პირველი" ალადაშვილს ბოლო დროს მასობრივად გავრცელებულ ვირუსის „WannaCry" შესახებ ესაუბრა.

 

„ამ ვირუსს თავისებურება გააჩნია - ის გამოსასყიდს ითხოვს. აქემდე არ ყოფილა ასეთი სპეციფიკის ვირუსი და არც ასეთი მასობრივი. რამდენიმე დღის წინ, ამ ვირუსმა რუსეთის რამდენიმე უწყებას შეუქმნა პრობლემა. ბუნებრივია, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. ვისგან არის გავრცელებული, რა მიზანი აქვს ამ ვირუსს, ეს უფრო მოგვიენაბით გაირკვევა. რთულია ჰაკერების ადგილმდებარეობის დადგენა", - განაცხადა ალადაშვილმა.


მისივე თქმით, კომპიუტერის ვისუსისაგან დასაცავად, უცხო წერილები არ უნდა გავხსნათ.

 

„როგორც წესი, ვირუსი შემოდის წერილის სახით და დამაინტრიგებელი სათაურით. ვირუსის თავიდან რომ ავიცილოთ, არ უნდა გავხსნათ უცხო წერილები. ამის გარდა, არის პოპულარული საიტები, რომლებიც შეიძლება დავირუსებული იყოს და იმ საიტებზე შესვლისას, შესაძლოა, ვირუსმა ჩვენს კომპიუტერში შემოაღწიოს. ცნობილი ანტივირუსებიც უძლური არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ", - აღნიშნა ექსპერტმა.


უნდა მოხდეს თუ არა ვირუსის „WannaCry" მოთხოვნების შესრულება და ჰაკერებისათვის ფულის გადახდა? ალადაშვილის აზრით - ეს დაუშვებელია.


„თანხა არ უნდა გადავიხადოთ, რადგან ვინ მოგცემს გარანტიას, რომ კიდევ არ გამოგვართმევს ფულს. ვირუსის შემოღწევა უკვე ნიშნავს, რომ ვინდოუსი თავიდან არის დასაყენებელი", - განმარტავს ალადაშვილი.


მისი თქმით, კიბერთავდასხმების საფრთხე ყოველდღიურად იზრდება, რადგან, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, ჰაკერებისათვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება პირადი, კომერციული თუ სახელმწიფო საიდუმლოებები. შესაბამისად, მისგან დაცული, ფაქტობრივად, არავინ არ არის.


12 მაისს მსოფლიო მასშტაბით კერძო და სახელმწიფო უწყებებზე მასიური კიბერშეტევები განხორციელდა. პროგრამა „WannaCry" დავირუსებულ კომპიუტერზე ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი