logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ანაკლიის ბანაკს კიდევ სამი ბანაკი დაემატება...
- +

18 მაისი. 2017. 13:26




განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასკოლო ბანაკების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზაფხულო და ზამთრის სასკოლო ბანაკები მოსწავლეებზე დადებით გავლენას ახდენს და მათ სოციალურ უნარებს ავითარებს.


ჯეჯელავას განცხადებით, იგეგმება უფრო მეტი სასწავლო ბანაკის მოწყობა და შესაბამისად, ბანაკებში წამსვლელ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდაც.


„ანაკლიის ბანაკი დარჩება, განვითარდება და მას კიდევ სამი ახალი ბანაკი დაემატება. ორ ახალ ბანაკს ვაკეთებთ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად - ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთ ბანაკს კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე ვაკეთებთ. შევეცდებით, ვიპოვოთ ობიექტები, სადაც შესაბამისი საცხოვრებელი პირობებია", - განაცხადა ჯეჯელავამ.


მინისტრის თქმით, მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, ყველა უწყებას  მანავის სასკოლო ბანაკის განვითარებაზე ზრუნვა დაევალა. როგორც ჯეჯელავა აღნიშნავს, მანავის ბანაკი უფასო იქნება და ბანაკში წამსვლელ ბავშვებს ყველა მუნიციპალიტეტიდან შეარჩევენ.


„აქამდე მხოლოდ აკადემიური მოსწრება იყო მოსწავლეების შერჩევის საფუძველი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს სჭირდება სოციალური უნარების განვითარება. არ უნდა იყოს მხოლოდ ათოსნების და ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, რაღაც კვოტა წარჩინებულ მოსწავლეებს აუცილებლად ექნებათ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი მოხვდეს ბანაკში. საუბარია 100 ათასამდე ბავშვზე, როცა შარშანდელი ციფრი გვაქვს 3-4 ათასი ბავშვი", - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.


მისივე თქმით, ბანაკში 1 ბავშვის 1 დღით წაყვანა, სახელმწიფოს დაახლოებით 60 ლარამდე უჯდება.


 

big_banner
არქივი