logo_geo
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სახმელეთო სარდლობის შტაბის უფროსს უმასპინძლა
- +

27 აპრილი. 2022. 18:16

 

 

საქართველოში ვიზიტით NATO-ს სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუსტაფა ოღუზი იმყოფება. დღეს NATO-ელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა,  გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზს მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე აღნიშნული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზის პირადი ჩართულობა ხაზგასმით აღინიშნა.

 

გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა NATO-ს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის NATO-საქართველოს სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების კუთხით.

 

თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და უწყვეტი მხარდაჭერით  შეიქმნა და განვითარდა NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც წარმატებით მასპინძლობს NATO-ს სტანდარტის სწავლებებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

 

big_banner
არქივი