logo_geo
მოსწავლეებს ექსკურსიაზე ღამისთევით წასვლა ეკრძალებათ, ლოკაცია კი სკოლიდან 150 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს
- +

5 მაისი. 2022. 11:24

 

 

განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება.

 

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.

 

გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

 

ასევე, როგორც განათლების სამინისტროში სააგენტოს განუმარტეს, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

 

„სასკოლო ექსკურსიების ორგანიზების პროცესში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოქმედებენ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონისა და „ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანების შესაბამისად.

 

აღნიშნული წესის შესაბამისად, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს, ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე, წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტებს და პერსონალური პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე. ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს. მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

 

ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებულია მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და ექსკურსიაში მონაწილე სხვა პირებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, დაგეგმილ ღონისძიებათა მიზნების, აქტივობების და მონაწილე და პასუხისმგებელი პირების შესახებ. ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე. ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

 

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ. მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

 

მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროების გათვალისწინებით.

 

დამატებით, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსით (Covid 19) გამოწვეული პანდემიის პირობებში ნებისმიერი აქტივობის ჩატარებისას დაცული უნდა იქნას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი ყველა რეგულაცია. გარდა კოვიდრეგულაციების დაცვის აუცილებლობისა, უნდა შეიზღუდოს სხვა ნებისმიერი რესპირატორული დაავადების ნიშნების მქონე პირთა მონაწილეობა სასკოლო ექსკურსიებში“, - ნათქვამია  განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი