logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე ტუბერკულოზის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით უცხოელ ექსპერტებს შეხვდა
- +

18 მაისი. 2022. 14:28

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის წევრები საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს და საქართველოში მყოფ უცხოელ ექსპერტებს და დარგის სპეციალისტებს შეხვდნენ.

 

განხილვის თემა ტუბერკულოზის კონტროლის მექანიზმების ეფექტურობა და ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა იყო.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, პარლამენტმა მიიღო ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც მანამდე როგორც ცალკე კანონი არ არსებობდა. მისივე თქმით, ქვეყანაში პროგრამის ბიუჯეტიც გაიზარდა, შესაბამისად, სახეზეა პოზიტიური დინამიკა -  ქვეყანაში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა რიცხვი მნიშვნელოვნად კლებულობს.

 

„დღეისთვის კი გასათვალისწინებელია რეგიონში მიმდინარე პროცესები. ვგულისხმობ უკრაინაში ომს,  რამაც რეგიონში სოციალური მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს და მოხდეს ტუბერკულოზის, როგორც სოციალური დაავადების, მომატება რეგიონში. შესაბამისად, შესაძლოა საქართველოს უფრო მეტი ჩართულობა მოუწიოს პაციენტთა მკურნალობის თვალსაზრისით. ჩვენ ამ კუთხით გამოცდილება გვაქვს, რეგიონში ლიდერ ქვეყნად მივიჩნევით  და, ვფიქრობ, რომ მომავლის პერსპექტივის თვალსაზრისით საჭიროა უფრო მეტი აქტივობა, მეტი მუშაობა, უფრო მეტი რესურსების შექმნა და მეტი გამოცდილების  მიღება. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ამ კუთხით ახალი სპეციალისტების მომზადება, თანამედროვე გამოცდილების გაზიარება და ვიმედოვნებ, რომ ესეც დარგის პერსპექტივაზე პოზიტიურად იმოქმედებს. ჩვენ ამ მიმართულებით კოლეგებთან აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ და ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე; საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი და ცენტრის წარმომადგენლები; რიგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიგა კუკსი;  ბორსტელის კვლევითი ცენტრის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი კრისტოფ ლანგე (გერმანია);  End TB კვლევის კონსორციუმის დირექტორი, TBnet-ის მმართველი კომიტეტის წევრი, TBnet/ის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ლორენცო გულიელმეტი (საფრანგეთი) და ექიმი პულმონოლოგი, TBnet-ის მმართველი კომიტეტის წევრი, ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელი ჯესიკა პოტერი (დიდი ბრიტანეთი).

 

 

big_banner
არქივი