logo_geo
რა არის მაიმუნის ყვავილი, როგორ ვრცელდება, როგორია სიმპტომები და წარმოადგენს თუ არა გლობალურ საფრთხეს
- +

20 მაისი. 2022. 14:02

 

 

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევები დაფიქსირდა. სტატიაში მოგიყვებით, რას წარმოადგენს რეალურად ეს ნაკლებად ცნობილი დაავადება.

 

რა არის მაიმუნის ყვავილი

 

მაიმუნის ყვავილს იწვევს მაიმუნის ყვავილის ვირუსი — იმავე ოჯახის წარმომადგენელი, რომლისაც არის ყვავილი. თუმცა, ის გაცილებით ნაკლებად მწვავეა და ექსპერტთა განცხადებით, ინფექციის შანსებიც დაბალია.

 

ძირითადად ცირკულირებს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მიყრუებულ ნაწილებში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს.

 

არსებობს ვირუსის ორი ძირითადი შტამი — დასავლეთაფრიკული და ცენტრალურაფრიკული.

 

2021 წელს აშშ-ში ამ ვირუსის ორი შემთხვევა აღირიცხა, ორივე ადამიანი ნიგერიიდან იყო ჩასული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, მსოფლიოში აფრიკის მიღმა დაფიქსირებულ შემთხვევათა უმეტესობა ძირითადად დაკავშირებულია საერთაშორისო მოგზაურობასთან ან ამ ვირუსით ინფიცირებულ იმპორტირებულ ცხოველებთან.

 

 

ესპანეთში ამჟამად ყვავილის ვირუსის შვიდი დადასტურებული შემთხვევაა, 22 შემთხვევას კი ახლა იკვლევენ; პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაშიც; კანადის ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მონრეალში მაიმუნის ყვავილის 17 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ბრიტანეთში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ორი ნიგერიიდან არის ჩასული, ერთი კი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, რომელსაც ვირუსი პაციენტისგან გადაედო.

 

სიმპტომები

 

საინკუბაციო პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია, მათ შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზოგადი მოთენთილობა.

 

შემდეგ მოდის გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის პირში, ხელის გულებსა და ტერფებზე.

 

გამოყრილი მუწუკები სითხით არის სავსე და ხშირად წითელი წრეები აკრავს. ბოლოს ისინი ფუფხად გარდაიქმნება და ორ-სამ კვირაში თავისით ცვივა. კანზე შეიძლება დატოვოს ნაწიბურები.

 

ინფექცია ძირითადად თავისით გაივლის და 14-დან 21 დღემდე გრძელდება.

 

„მკურნალობა ძირითადად მხარდაჭერითია, რადგან არ არსებობს კონკრეტული წამალი. თუმცა, არის ვაქცინა, რომელიც დაავადების განვითარების პრევენციას ახდენს“, — ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის საერთაშორისო ჯანდაცვის პროფესორი ჯიმი ვითვორთი.

 

როგორ ვრცელდება

 

მაიმუნის ყვავილი ვრცელდება ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტის გზით. ვირუსი სხეულში შეიძლება შევიდეს დაზიანებული კანიდან, სასუნთქი გზებიდან, თვალებიდან, ცხვირიდან ან პირიდან.

 

სქესობრივი გზით გადადების შემთხვევა ჯერ აღწერილი არ არის, მაგრამ ამ დროს ის შეიძლება გავრცელდეს ორ ადამიანს შორის პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.

 

ვირუსი ასევე ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველებთან, მაგალითად, მაიმუნებთან, ვირთხებთან და ციყვებთან კონტაქტის გზით, ისევე, როგორც ვირუსით დაბინძურებულ ობიექტებთან, მათ შორის საწოლთან ან ტანსაცმელთან კონტაქტის გზით.

 

რამდენად სახიფათოა

 

ვირუსის შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, ხშირად ჩუტყვავილას ჰგავს და რამდენიმე კვირაში თავისით ქრება.

 

მაიმუნის ყვავილი ზოგჯერ შეიძლება გამწვავდეს; დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირებულია სიკვდილის შემთხვევებიც.

 

რამდენად ხშირია გავრცელებები

 

ვირუსი პირველად 1958 წელს დააფიქსირეს კვლევისთვის დატყვევებულ მაიმუნთა კოლონიებში. თუმცა, მისი ძირითადი გადამტანები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. CDC-ის მონაცემებით, გადატანაში ეჭვმიტანილები აფრიკული მღრღნელები არიან.

 

ადამიანებში პირველი შემთხვევა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა, იმ პერიოდში, როდესაც ყვავილის ვირუსი ამოძირკვის გამალებული ღონისძიებები ხორციელდებოდა. მაიმუნი ყვავილი თანდათან სპორადულად გავრცელდა აფრიკის 10 ქვეყანაში.

 

2003 წელს ვირუსი აშშ-ში დააფიქსირეს, რაც მისი პირველი შემთხვევა იყო აფრიკის გარეთ. გაირკვა, რომ პაციენტებს დაავადება მდელოს ძაღლებთან ახლო კონტაქტის გზით გადაედოთ, თავად ეს ცხოველები კი ქვეყანაში იმპორტირებული მცირე ძუძუმწოვრებისგან დაინფიცირდნენ. ჯამში, ადამიანებში მაშინ 81 შემთხვევა აღირიცხა, მაგრამ არ დაფიქსირებულა სიკვდილის შემთხვევა.

 

2017 წელს ნიგერიაში დაფიქსირდა უდიდესი დოკუმენტირებული გავრცელება — ამ ქვეყანაში დადასტურებული ბოლო შემთხვევიდან 40 წლის შემდეგ. სულ აღირიცხა მაიმუნის ყვავილის 172 საეჭვო შემთხვევა, რომელთა 75 პროცენტს 21-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცები შეადგენდნენ.

 

მკურნალობა

 

არ არსებობს მაიმუნის ყვავილის სამკურნალო საშუალება, მაგრამ გავრცელებათა კონტროლი შესაძლებელია ინფექციის პრევენციით.

 

აღმოჩნდა, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ 85 პროცენტით ეფექტიანია. ყვავილის ვირუსი ამოძირკვულად 1980 წელს გამოცხადდა და შესაბამისად, ამ დროისათვის მისი თავდაპირველი (პირველი თაობის) ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.

 

2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა ახალი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც შესუსტებულ ყვავილვაქცინის ვირუსს ეფუძნება. ის ორდოზიანი ვაქცინაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთი ვაქცინის ათასობით დოზის შეკვეთას გეგმავს, რათა ის მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენოს.

 

გვაქვს თუ არა შეშფოთების მიზეზი

 

ექსპერტთა განცხადებით, მაიმუნის ყვავილის მსოფლიოში ფართოდ გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ვირუსი ადამიანებს შორის მარტივად ვერ ვრცელდება და ფართო საზოგადოება ძალიან დაბალი რისკის ქვეშ არის.

 

„ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული პაციენტის 50 კონტაქტიდან მხოლოდ ერთი დაინფიცირდა, აჩვენებს, რამდენად სუსტად ინფექციურია ეს ვირუსი“, — ამბობს ნოტინგემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის პროფესორი ჯონათან ბოლი.

 

მომზადებულია BBC-ის, CNN-ისა და who.int-ის მიხედვით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი