logo_geo
ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის ტურნირი გაიმართა
- +

6 ივნისი. 2022. 15:33

 

 

საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 5 ივნისს, სპორტკომპლექს ’’იმედის’’ სტადიონზე, ავთანდილ (დავით) ჩიხლაძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს, თბილისის ’’თბილისი’’ და გორის’’ დილა’’ დაუპირისპირდნენ. მატჩი გორელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულებს, ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ და დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ გადასცეს.

 

ავთანდილ ჩიხლაძის თასის გათამაშება მიმდინარე წლის 19 მარტს დაიწყო და მასში მონაწილეობას ქვეყნის 6 გუნდი _ ზუგდიდის ‘’ოდიში’’, ბათუმის ’’ბათუმი’’, ზესტაფონის ‘’მარგვეთი’’, გორის ’’დილა’’, გორის ’’ქართლი’’ და თბილისის ’’თბილისი’’იღებდა. ტურნირი გასულ წელს დაარსდა და წელს მეორედ ჩატარდა.

 

აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე, 2016 წლიდან საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ და წლების განმავლობაში ზრუნავდა სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე, ამპუტანტ ფეხბურთელებზე. მან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად, არა ერთ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი. ავთანდილ ჩიხლაძე, გასულ წელს, კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

 

როგორც ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი გვალიამ განაცხადა, ავთანდილ ჩიხლაძის თასის გათამაშება ყოველ წელს გაიმართება ამაგდარი ვეტერანის სახელის უკვდავსაყოფად.

 

 

big_banner
არქივი