logo_geo
„ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობამ მოიწონა
- +

6 ივნისი. 2022. 16:37

 

 

დღეს გამართულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი  „ტანასა  და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ მოიწონა.

  

„ტანასა  და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი  ითვალისწინებს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის ხეობებში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანას აღკვეთილისა (საერთო ფართობია 10 986 ჰექტარი) და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის (საერთო ფართობია  21 864 ჰექტარი) დაარსებას.

 

ტანასა და თეძამის  ხეობები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ტანასა და თეძამის ხეობებში დაცული ტერიტორიის შექმნა. დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება, რაც, შესაბამისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

 

 

big_banner
არქივი