logo_geo
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამეცნიერო ჟურნალი დააფუძნა
- +

7 ივნისი. 2022. 11:27

 

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, აფუძნებს სამეცნიერო გამოცემას - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“ და პირველი გამოცემისთვის სამეცნიერო ნაშრომთა მიღებას იწყებს.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი ჩამოყალიბდება როგორც ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებისა და რეცენზიების სამეცნიერო პერიოდული გამოცემა, რომლის ძირითადი ორიენტირი საჯარო სამართლის დარგობრივი მიმართულებით შედარებით სამართლებრივი დისკურსის წარმართვა და მკვლევართა სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბება, აგრეთვე, აქტუალურ საკითხთა ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნება. აღნიშნული ჟურნალის გამოცემა, ხელს შეუწყობს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ევროპეიზაციის პროცესის ხელშეწყობას და დარგობრივი კვლევის შედეგების გაზიარებას აკადემიური წრის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ზოგადად, მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.

 

ჟურნალი მოიცავს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, განსაკუთრებით კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების პუბლიკაციას, მათ შორის: სამეცნიერო სტატიას, აკადემიურ მიმოხილვას (რეცენზია), სამართლის პრაქტიკის ანალიზს, უცხოენოვანი სამეცნიერო ნაშრომის თარგმანს.

 

ჟურნალის დაარსება, „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) მიღების მეოთხე საიუბილეო თარიღს უკავშირდება, რომელიც 2018 წლის 25 მაისიდან ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ რეგულაცია განსაზღვრავს ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე, ასევე, ევროკავშირში მყოფი პირების პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელთა მიმართ მონაცემთა დაცვის შესასრულებლად სავალდებულო წესებს.

 

რედკოლეგია დაკომპლექტებულია გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, უნგრეთისა და ხორვატიის აღნიშნული დარგის ექსპერტებით და მეცნიერებით.

 

ჟურნალის პირველი ნომრისთვის ნაშრომების მიღება იწარმოებს 30 მაისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით.

 

ნაშრომების მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე https://personaldata.ge/ka/press/post/8176

 

 

 

 

big_banner
არქივი