logo_geo
ირაკლი კობახიძე: იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, პირველ რიგში, მას უარი უნდა ათქმევინო საკუთარ დედაზე - ეს მათ იციან და შესაბამისად, მარტივია მათი შეტევის სტრატეგია ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ
- +

7 ივნისი. 2022. 12:49

 

 

„ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ - ჩვენ ამას არ დავუშვებთ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეროვნული იდენტობის მიმართ შეტევის ახალი ტალღა მიმდინარეობს.

 

„ხედავთ, რომ გამოარჩიეს რამდენიმე, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც არის სახეზე. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებდნენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს უწუნებენ შვილების და შვილიშვილების აღზრდას. აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს, ესენი პირველ რიგში, არიან ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ. საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი - არ ვიცით, მაგრამ ეს არის სამწუხარო ფაქტი. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. თუმცა, ეს, ვიტყვი, რომ არ არის  უბრალოდ ერთი ზიზღით გამსჭვალული ადამიანის, უსამშობლოო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად, იმისთვის, რომ შეარყიო ეროვნული იდენტობა, უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას და ეს არის, პირველ რიგში, ამ ერის დიდი წინაპრები, ეს არის მისი სარწმუნოება, მისი ეკლესია და სწორედ აქედან გამომდინარე არიან ამ შეტევის, შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი დიდი წინაპრები, ჩვენი სარწმუნოება და ეკლესია. იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, პირველ რიგში, მას უარი უნდა ათქმევინო საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და შესაბამისად, მარტივია მათი შეტევის სტრატეგია ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ეს არის ამ სტრატეგიის შინაარსი - ისინი ებრძვიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ფესვებს და „ნაცმოძრაობა“ ყველამ ვიცით, რომ არის კოლექტიური დოქსოპულო, კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი. ეს ადამიანები: ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები - ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა იყოს ნულოვანი და ამაზე ვართ პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის, ერის და ხალხის წინაშე“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებებიც მიულოცა.

 

 

big_banner
არქივი