logo_geo
ოთარ შამუგიამ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2022 მისასალმებელი სიტყვით გახსნა
- +

10 ივნისი. 2022. 16:27

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2022 მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

 

„მოხარული ვარ, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, შესაძლებლობა მაქვს,  კავკასიის რეგიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური გამოფენის ფარგლებში, პირველად მოგესალმოთ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დარგის გულშემატკივრებს.   ვფიქრობ,  ასეთი გამოფენები და ღონისძიებები საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს ღვინის პოპულარიზაციისთვის, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს, იმპორტიორებსა და მეწარმეებს აქვთ საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. ღვინო საქართველოს კულტურისა და ისტორიის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ასევე ისაუბრა ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამის  შესახებ, რომელიც კომპანიებს მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში ეხმარება და ვენახების კადასტრის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

საზოგადოებას სიტყვით საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ მიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია გამოფენაში მონაწილეთა რაოდენობა. WinExpo Georgia 2022-ში  200-მდე კომპანია (ოჯახური მარანი, საშუალო და მსხვილი საწარმო, ბიო ღვინის და ქვევრის ღვინის მწარმოებლები, ღვინის ტექნოლოგიების, შესაფუთი მასალების,  აქსესუარებისა და სერვისების მომწოდებლები) მონაწილეობს. გამოფენას საერთაშორისო მონაწილეები იტალიიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან ჰყავს.

 

გამოფენის ფარგლებში, ჩატარდება ღვინის ექსპორტის ფორუმი - WinExport FORUM, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეებისა და ღვინის იმპორტიორების შეხვედრებს,  დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის განხილვას და რჩევებს მეწარმეებისთვის. შიდა ბაზრის გამოწვევებთან დაკავშირებით, გაიმართება პანელური დისკუსია ადგილობრივ თრეიდერებთან, HoReCa სექტორის და ღვინის მაღაზიების წარმომადგენლებთან. ფორუმზე მოწვეული არიან იმპორტიორები იაპონიიდან, ჰოლანდიიდან და პოლონეთიდან.

 

წელს, პირველად, გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში, ტარდება სომელიეთა ასოციაციისა და საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ერთობლივი კონკურსი - SOMMELIER CHOICE („სომელიეს არჩევანი“), რომელიც გამოფენაზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის, ფასისა და ხარისხის მიხედვით,  საუკეთესო ღვინოს გამოავლენს. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი სომელიეები, რომელთა ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს ღვინოების შეფასება, ღვინის ბარათის შედგენა და მართვა,  HoReCa სექტორში სტუმრებისთვის წარდგენა.

  

გამოფენის ფარგლებში, მარკეტოლოგების, დიზაინერებისა და სხვა ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი შეაფასებს WinExpo Georgia 2022-ზე წარმოდგენილი კომპანიების და მათი პროდუქციის ბრენდინგს და შერჩეულ კომპანიას სპეციალურ ჯილდოს -MARKETERS CHOICE (მარკეტერების არჩევანი) გადასცემს.

 

 

 

 

big_banner
არქივი