logo_geo
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ
- +

30 ივნისი. 2022. 12:37

 

 

საქართველოში ვიზიტით მყოფი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს  თავდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

 

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და რეფორმების განხორციელების პროცესში NATO-ს ჩართულობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა NATO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტზე“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების მწვავე გარემო.

 

ვიზიტის ფარგლებში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. სტუმრებმა სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრიც დაათვალიერეს, რომელიც NATO-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. დღესვე, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

 

big_banner
არქივი