logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: თუ ადრე დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 100-მდე ახალი შემთხვევა, ახლა უკვე ფიქსირდება 600-700 ახალი შემთხვევა
- +

5 ივლისი. 2022. 22:54

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის მომატებულ მაჩვენებელზე წერს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება.

 

„ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვისა და COVID ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები (22) ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია ვიდრე ამერიკაში (98), კანადაში (108), დიდ ბრიტანეთში (205), პრაქტიკულად მთელ ევროპაში ერთეული გამონაკლისების გარდა და ასე განსაჯეთ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ COVID შემთხვევების და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლებით - სამხრეთ კორეა (135), ტაივანი (262), ავსტრალია (140), ახალი ზელანდია (230), ჰონკონგი (136), იაპონია (24), ისრაელი (46) და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს COVID დადასტურებელ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტის ე.წ. CFR-ის (case fatality rate) მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი (1,01%). ყველაფერი ეს უპირველეს ყოვლისა განპირობებულია საქართველოში COVID პანდემიის კარგი მართვით, მათ შორის კარგი კლინიკური მართვით.

 

საქართველომ პირველმა რეგიონში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შემოიტანა და პრაქტიკაში დანერგა უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი პაქსლოვიდი. ექიმების არსენალშია და ყველა COVID ავადმყოფისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები (ვირუსის შესაბამისი შტამის დროს), ტოცილიზუმაბი, ბარიციტინიბი და სხვ. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ როგორც ბინაზე დარჩენილი, ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების ე.წ. პროაქტიურ მკურნალობას, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა COVID პაციენტების დამძიმების, რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების შემთხვევები. განსაკუთრებით კარგი შედეგები გვაქვს იმ ავადმყოფებში, მათ შორის ასაკოვან და/ან მძიმე თანხმლები დაავადებების მქონე ავადმყოფებში, ვისაც პირველივე დღეებში დავუწყეთ მკურნალობა რემდესივირით ან პაქსლოვიდით. ბოლო თვეებში პრაქტიკულად არ გვქონია ასეთი ავადმყოფების დამძიმების ან გარდაცვალების შემთხვევები.

 

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. თუ ადრე დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 100-მდე ახალი შემთხვევა, ახლა უკვე ფიქსირდება 600-700 ახალი შემთხვევა. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში. წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და COVID შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის.

 

ამიტომ თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური COVID ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში. მაშინაც კი, თუ COVID შემთხვევების ზრდას თავიდან ვერ ავიცილებთ, განსაკუთრებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიკვდილიანობა დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე. ამისთვის კი აუცილებელია შემდეგი: ომიკრონის შტამით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისგან, ამიტომ აუცილებელია, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩავიტაროთ COVID ტესტირება (უფასოა) და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მით უმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა კატეგორიულად ვურჩიო ყველა COVID კლინიკას და „ონლაინ“ კლინიკას, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ რემდესივირი და/ან პაქსლოვიდი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს“, - წერს ცერცვაძე.

 

 

big_banner
არქივი