logo_geo
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით დატვირთული აღინიშნება
- +

26 მაისი. 2017. 01:29



26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წლევანდელი დღესასწაულის მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველია.


აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები, რუსთაველის გამზირზე სპეციალურ პროგრამას წარმოადგენენ.


09:00 საათიდან, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება პილონები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებისა და მუზეუმებში დაცული რუსთაველის პორტრეტების ასლები.

 

რუსთაველის გამზირზე განთავსდება 3 მხატვრული კაფე, რომელშიც სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი:


კაფეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება მოხატული პიანინოები, რომელზეც ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ;


სხვადასხვა თეატრის მსახიობები წაიკითხავენ სტროფებს შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსნიდან";


მხატვრული კაფეების სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქეთევან მატაბელის გამოფენა - ვეფხისტყაოსნის ვარიაციები. დაგეგმილია ასევე, ინსტალაციების მოწყობა უსინათლო, მცირედ მხედველი და შშმ ბავშვებისათვის; გამოფენა პროექტების - „მე ვხედავ თითებს " და „შეხება სხივებთან" ფარგლებში გაიმართება.


სტუდია „ტელევეზირი", მხატვარ ნოდარ ბეგიაშვილის ხელმძღვანელობითა და ფერეიდნელი და ინგილო ბავშვების ჩართულობით ახორციელებს საბავშვო პროექტს - „ვხატავთ და ვასურათებთ ,,ვეფხისტყაოსანს". პროექტის ფარგლებში, მოეწყობა „ვეფხისტყაოსნის" თემაზე ბავშვების რჩეული ნამუშევრების გამოფენა, ნაჩვენები იქნება ბავშვების „გაცოცხლებული" ნახატებით დასურათებული და მათ მიერ წაკითხული სტროფებით შექმნილი ანიმაციური ფილმი და სხვა.


ერთ-ერთ მხატვრულ კაფეში კი, წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის" თემაზე, ქართველი რეწვის ოსტატების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. აღნიშნული აქტივობა ინტერაქციული ხასიათის იქნება - ნებისმიერ მსურველს, თავად შეეძლება მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეწვის ნიმუშის შექმნაში.


09:00 საათიდან, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად განთავსებული სცენის მონიტორზე წარმოდგენილი იქნება ვიდეო-რგოლი, რომელიც ასახავს ვეფხისტყაოსნის თემაზე, ცნობილი ხელოვანების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს, მინიატურებს და იმდროინდელი ეპოქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტომასალას.


11:00 საათიდან, რუსთაველის თეატრის წინ განთავსდება პროექტ „გადაწერე ვეფხისტყაოსნის" ფარგლებში, მხატვარ ქეთევან მატაბელის მიერ შექმნილი წიგნი. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის სტრიქონებს მთავრობის წევრებიც გადაწერენ.


პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან „მოგზაურობს". 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობა უკვე მიიღეს თბილისის, ახალციხის, ვარძიის, გორის, მცხეთის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის, თელავისა და მარნეულის მოსახლეობამ.


13:00 საათიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გურამ ახალაიას კერძო კოლექციაში დაცული უნიკალური გამოცემები;


საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი რუსთაველის გამზირზე წარმოადგენს გამოფენას „რუსთაველი ქართულ ხელოვნებაში".


გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით კი მოეწყობა გამოფენა ,, ჩვენი ვეფხისტყაოსანი".


13:00 საათიდან, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად განთავსებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: დავით ევგენიძის ბენდი, რომელიც მსმენელის წინაშე „ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციით წარდგება. სოლისტები - ელენე კალანდაძე და გიორგი მახარაშვილი; თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ მხატვრულ-მუსიკალურ პერფორმანსს „ვეფხისტყაოსნის" აფორიზმებისა და „ანბანთქების" მიხედვით. კონცერტში მონაწილეობას, ანსამბლი „რუსთავი" მიიღებს, რომელიც მსმენელის წინაშე 40-წუთიანი პროგრამით წარდგება.


მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!

 


















 

big_banner
არქივი