logo_geo
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კახეთის რეგიონში გასვლითი სამუშაო ვიზიტი დაასრულა
- +

31 ივლისი. 2022. 11:38

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კახეთის რეგიონში გასვლითი სამუშაო ვიზიტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაასრულა.

 

გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, დეპუტატებმა საგარეჯოს, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულეს. შეხვდნენ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს,  განათლების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.  გაეცნენ დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკას და განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე,  გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

 

„განათლების და მეცნიერების კომიტეტი ატარებს ორ მოკვლევას -  „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასება" და „ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეფასება“. ამ მიზნით, სამდღიანი გასვლითი ღონისიძიება გვქონდა კახეთის რეგიონში. ვიმყოფებოდით საგარეჯოს,  თელავისა და გურჯაანის რაიონებში. მოვინახულეთ სკოლები, მოვინახულეთ პროფესიული კოლეჯი და ვიმყოფებოდით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.   შევხვდით სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს.

 

გავეცანით  საგანმანათლებლო რესურსებს.  ვიმსჯელეთ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე. უახლოეს მომავალში შევიმუშავებთ შესაბამის რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ მოხდეს არსებული პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა თემატური მოკვლევის პროცესში ჩართულ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

 

 

 

მისი თქმით, ერთობლივი ძალებით შესაძლებელია სწორი და გამართული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სკოლებში.

 

„კახეთის რეგიონში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათთან ერთად ვისაუბრეთ მნიშვნელოვან მიმდინარე პროექტებზე, საგანმანათლებლო რეფორმის პროცესზე და ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადგილზე არსებობს. მათ გაგვიზიარეს თავიანთი ხედვები.  დიდ მადლობას ვუხდით ამ პროცესში ჩართულ  ყველა სკოლას. ასევე, მადლობა უშუალოდ იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომელთა რეგიონებშიც ჩვენ ვიმყოფებოდით.  ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი გამოწვევების გადალახვა და ჩვენი მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული სწავლა-სწავლების პროცესის განვითარება ჩვენს სკოლებში“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

გასვლითი სამუშაო ვიზიტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

big_banner
არქივი