logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: ჩვენ ძალზედ ვაფასებთ იმ უდიდეს წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
- +

1 აგვისტო. 2022. 14:15

 

 

„7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმა; შეიქმნა მას შემდეგ დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა“,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით.

 

„დიდი მადლობა, ბატონო გრიგოლ! ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით! დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა.

 

გილოცავთ, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს, სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს.

 

7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა; მას შემდეგ შეიქმნა დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა.

 

ამ დროის განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა. იქნება ეს ანტიტერორისტული საქმიანობა, თუ შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა, კორუფციისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის და სუვერენიტეტის დაცვა. თქვენი საქმიანობის სპეციფიკა ისეთია, რომ თქვენი ყოველდღიური, ზოგჯერ მაღალ რისკებთან დაკავშირებული შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ძალზედ ვაფასებთ იმ უდიდეს წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ  ჩვენი მოქალაქეების და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით, სამშობლოსა და ხალხის მსახურებისთვის სუს-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

 

„პირადად ჩემი, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამ შრომისათვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისათვის,  ჩვენი  სამშობლოსა და ხალხის მსახურებისათვის.  რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან ბევრია. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, შიდა თუ გარე მტრების მიერ. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა თქვენ კიდევ უფრო გაგაძლიერებთ და ამის შემდეგ კიდევ უფრო მტკიცე, ძლიერ სამსახურად ჩამოყალიბდებით.

 

მე ასევე მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო, რომ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიაა და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გამოწვევები. მთავარი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და არ ვრცელდება ჩვენი კონტროლი ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ემატება ის საფრთხეები, რომელიც მიმდინარეობს შიდა დესტრუქციული ძალების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამაშიც მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი როლი, რომ დროულად ხდება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ყველას გვახარებს არის ის, რომ თქვენი პირადი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა არის გულანთებული პატრიოტი, რომელიც ემსახურება და იცავს ჩვენს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

ღონისძიების მონაწილეებმა  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომლებს და გუდაურში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრებს, მაშველებსა და ექიმებს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავთან დაკავშირებით,  სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.

 

 

big_banner
არქივი